შიში და სიძულვილი მექსიკაში

ავტორი: ანდრია მერაბიშვილი

თარიღი: იანვარი 2010

მექსიკური ნარკოკარტელების აღმასვლა დაიწყო 80-იან წლებში. თავიდან ისინი კოლუმბიური კოკაინის ექსპორტიორი და სატრანზიტო ორგანიზაციები იყვნენ. მათ შორის ყველაზე გამორჩეული სინალოას კარტელი (Sinaloa Cartel) და მექსიკის ყურის კარტელია (Cártel del Golfo), რომლებიც დღესაც ყველაზე გავლენიან ძალას წარმოადგენენ ნარკოსამყაროში. მექსიკური კარტელები განსაკუთრებით გაძლიერდნენ ახალ საუკუნეში, მას შემდეგ რაც კალისა და მედელინის ცნობილი კოლუმბიური კარტელების გავლენა შემცირდა აშშ-ში. მექსიკის სატრანზიტო ფუნქციის გაზრდას ასევე ხელი შეუწყო ფლორიდის კოკაინის მარშრუტის დაკეტვამ.

ნარკოკარტელების მთავარი საქმიანობა – კოლუმბიური და სამხრეთ ამერიკული ნარკოტიკების, ძირითადად კოკაინისა, მეტამფეტამინების, ჰეროინისა და მექსიკური მარიხუანას შეტანა აშშ-ში. თუმცა ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ერთად, კარტელები არც სხვა ტიპის საქმიანობას ერიდებიან, როგორიცაა იაღარის კონტრაბანდა, ადამიანების გატაცება და შეკვეთილი მკვლელობები.

დღესდღეობით მექსიკური ნარკოკარტელების ძალაუფლება გაიზარდა იმდენად, რომ ისინი აკონტროლებენ მექსიკურ მუნიციპალიტეტებს, გავლენას ახდენენ არჩევნებზე, უზრუნველყოფენ კონტრაბანდული მარშრუტების უსაფრთხოებას მექსიკიდან აშშ-ში, ფლობენ საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო ტექნიკას, როგორიცაა ავტომატური იარაღები, ჭურვმტყორცნები, ჯავშანჟილეტები და კევლარის ჩაფხუტები.

2006 წლამდე მექსიკის მთავრობა შედარებით პასიურ პოლიტიკას ატარებდა ნარკობიზნესის წინააღმდეგ, რაც საშუალებას აძლევდათ კარტელებს მაქსიმალური თავისუფლებით ესარგებლათ, რაშიც ერთმანეთს შორის ბრძოლაც იგულისხმება. ამგვარი დაპირისპირებები კი ხშირად უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერიტორიაზე, ქალაქებსა და სოფლად მიმდინარეობდა, რასაც მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოყვებოდა. 2006 წელს მექსიკის პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა 6,500 ჯარისკაცი გააგზავნა მიჩოაკანის შტატში ადგილობრივ ნარკოდილერებთან საბრძოლველად, რაც მექსიკის მთავრობასა და ნარკოკარტელებს შორის ომის დასაწყისად მიიჩნევა. მას შემდეგ, კალდერონმა კიდევ უფრო გააძლიერა ანტი-ნარკოტიკული კამპანია და დღეისათვის მასში სხვადასხვა მონაცემებით 25,000-დან 45,000-მდე ფედერალური ჯარისკაცია ჩაბმული. მიუხედავად აღნიშნული მასშტაბებისა, პოლიტიკის ეფექტურობას ხელს უშლის ასევე მასშტაბური კორუფცია მექსიკის მთავრობასა და პოლიციაში, რომელიც გასაქანს აძლევს ნარკოკარტელებს. მოკლე შესავალი მიმოხილვის შემდეგ, სანამ უფრო კონკრეტულად განვიხილავთ აღნიშნული პრობლემის ძირითად მახასიათებლებს, მასშტაბებსა და არსებულ თუ მომავალ შესაძლო საფრთხეებს, თავად მექსიკაში მოქმედი ძირითადი ნარკოკარტელები მიმოვიხილოთ.

ნარკოკარტელების მიმოხილვა

დღესდღეობით მექსიკაში რამდენიმე გავლენიანი ნარკოკარტელი მოქმედებს: სინალოა, მექსიკის ყურის კარტელი, „ლოს ზეტას“, ტიხუანა, ხუარესი, ბელტრან-ლეივას კარტელი და ლა ფამილია მიჩოაკანა. კარტელებს შორის დაპირისპირება ძალაუფლების გადანაწილებისათვის ალიანსების შექმნას უწყობს ხელს. სწორედ ამგვარად, 2000-იანი წლების დასაწყისში მექსიკაში ორი ძირითადი დაჯგუფება არსებობდა, რომელშიც რამდენიმე ძლიერი კარტელი იყო გაერთიანებული. პირველი ჯგუფის კარტელები სინალოას ორგანიზაციის გარშემო იყვნენ შეკრებილნი, ხოლო მეორენი – მექსიკის ყურის კარტელის გარშემო.

ინალოას კარტელი ერთ-ერთი უმდიდრესი და უდიდესი გავლენისა და ძალაუფლების მქონე ორგანიზაციაა მექსიკაში. მას ასევე უწოდებენ „ფედერაციას“, რადგან მის გარშემოა შეკრებილი სხვადასხვა შედარებით სუსტი კარტელი. კარტელის სათავეები 60-იან წლებშია და პედრო ავილეს პერესს უკავშირდება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მექსიკური ნარკოტიკების კონტრაბანდას აშშ-ში. მეორე თაობის სინალოელები არიან მიგელ ანხელ ფელიქს გალიარდო და ავილეს პერესის დისშვილი ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმან ლოერა. გალიარდომ დაარსა გვადალახარას კარტელი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის 1989 წელს დააკავეს, ორგანიზაცია გაიყო ორ ნაწილად: ტიხუანას კარტელი, რომელსაც მეთაურობდნენ გალიარდოს დისშვილები ძმები არელიანო ფელიქს და სინალოას კარტელი, ხოაკინ გუსმანისა და მისი უპირველესი თანაშემწის, ისმაელ მაიო სამბადა გარსიას მეთაურობით. გუსმანი 1993 წელს დააკავეს, თუმცა მან ქრთამის მეშვეობით მოახერხა 2001 წელს გამოსვლა, რის შემდეგაც სინალოას კარტელი განსაკუთრებულ აღმასვლას განიცდის. აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებით, ბოლო 18 წლის მანძილზე კარტელმა 200 ტონის ოდენობის კოკაინი შეიტანა აშშ-ში.

სინალოას მთავარი კონკურენტი მექსიკის ყურის კარტელია და მის გარშემო შემოკრებილი კარტელების ჯგუფია. ბლოკებს შორის ომი მეტწილად კარტელების შეიარაღებული ჯგუფების მეშვეობით ხდება. სინალოას სამხედრო დანაყოფი „ლოს ნეგროს“ (Los Negros) სახელით არის ცნობილი. მისი შეფია ედგარ „ლა ბარბი“ ვალდეს ვილიარეალი. თავისი სამხედრო შენაერთის მეშვეობით სინალოას კარტელი 2000-იანი წლების შუახანებში უპირისპირდებოდა გალფ კარტელს და მის სამხედრო შენაერთს „ლოს ზეტას“ (Los Zetas). „ლოს ნეგროსსა“ და „ლოს ზეტას“ შორის ბრძოლის მთავარი არენა მექსიკური ქალაქი ნუევო ლარედოა 2003 წლის შემდეგ, რომელიც აშშ-ს (ტექსასის) საზღვრის პირას მდებარეობს მექსიკის შტატ ტამაულიპასში. ნუევო ლარედო უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტია ორივე ბლოკისთვის, რადგან აშშ-ში მექსიკური ექსპორტის 40% სწორედ ამ ქალაქის სატრანზიტო მარშრუტზე გადის.

სინალოას კარტელის მთავარი სატრანზიტო ჰაბი აშშ-ში არის ქალაქი ატლანტა, ჯორჯიაში. ამის გამო, ამერიკის უშიშროების სამსახურებიც მნიშვნელოვნად არიან ჩართული სინალოას კარტელის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2009 წლის თებერვალში, ოპერაცია ექსელერატორის (Operation Xcellerator) მეშვეობით დააკავეს კარტელის 750 წევრი. ამ დანაკარგმა არ იქონია მნიშვნელოვანი გავლენა სინალოას საქმიანობაზე. ის მხოლოდ აშშ-ს ბაზრით არ შემოიფარგლება და ლათინური ამერიკისა და ევროპის ბაზრებზეც შეაღწია. სინალოას კარტელის წარმატება კარტელის ბოსის, ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანის შემოსავლებზეც აისახა. ფორბსის მიხედვით მისი ქონება 1 მილიარდ დოლარს აღემატება და მსოფლიოში ყველაზე მდიდართა სიაში 701-ე ადგილს იკავებს.

მექსიკის ყურის კარტელის „სათაო ოფისი“ ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატის ტამაულიპასის ქალაქ მატამოროსში მდებარეობს, რომელიც აშშ-ს ესაზღვრება. გარდა ნარკოტრეფიკისა, კარტელი დაკავებულია ბიზნესის პროტექციითა და ადამიანთა გატაცებებით.

ყურის კარტელი დააარსა ხუან გერამ, რომელიც 1930-იანი წლებიდან ჩართულია კონტრაბანდის ბიზნესში. კარტელი გაფართოვდა 80-იან და 90-იან წლებში, როდესაც მას სათავეში ჩაუდგა ხუან გერას დისშვილი ხუან გარსია აბრეგო. აბრაგი აბრეგოს ძალაუფლება იმდენად გაიზარდა, რომ FBI-მ ის 10 ყველაზე საშიშ ძებნილთა სიაში შეიყვანა. ის იყო პირველი ნარკოდილერი ამგვარ ტოპათეულში. 1996 წელს გარსია აბრეგო დაიჭირეს და გააზავნეს აშშ-ში, სადაც მას 11 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, რომელსაც დღესაც იხდის კოლორადოში.

აბრეგოს შემდეგ კარტელს სათავეში ოსიელ კარდენასი ჩაუდგა. 2003 წელს ის დააკავეს, თუმცა კარდენასი ციხიდანაც ახერხებდა კარტელის მართვას თავისი პარტნიორების მეშვეობით. ციხეში მან და ტიხუანას კარტელის ბოსმა არელიანო ფელიქსმა ალიანსი შეკრეს სინალოას კარტელის წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც 2007 წელს ოსიელ კარდენასი აშშ-ში გააგზავნეს, ყურის კარტელის დეცენტრალიზაცია მოხდა და წარმოიშვა სამი ძირითადი ჯგუფი, რომლებიც მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალაუფლებით მართავს კარტელს:

  • პირველი და კარტელის ძირითადი ნაწილის ხელმძღვანელია ანტონიო ეზეკიელ კარდენასი, ოსიელ კარდენასის ძმა.
  • მეორე ჯგუფს ხელმძღვანელობს ხორხე ედუარდო კოსტილია სანჩესი, რომელსაც ყველაზე ახლო კავშირი აქვს კოლუმბიურ ნარკოტიკებთან.
  • მესამე ჯგუფია „ლოს ზეტას“ (Los Zetas), გალფ კარტელის სამხედრო შენაერთი, რომელსაც ხელმძღვანელობს ერიბერტო „ელ ლასკა“ ლასკანო, იგივე „Zeta 3“. კარდენასმა „ლოს ზეტას“ შემოიერთა, რათა თავიდან აერიდებინა მეტოქე სინალოას კარტელის გავლენის გაზრდა ყურის კარტელის ტერიტორიაზე. კარდენასის დაპატიმრების შემდეგ, „ლოს ზეტას“ გააქტიურდა და სამხედრო ფუნქციებთან ერთად, ნარკოტიკებით დამოუკიდებლად ვაჭრობასაც მიჰყო ხელი.

„ლოს ზეტას“ (Los Zetas) დღეისათვის ყველაზე გავლენიანი შეიარაღებული დაჯგუფებაა მექსიკის ნარკო-ბიზნესში. მას 4,000-მდე წევრი ყავს. მათი მთავარი ბაზა სასაზღვრო ქალაქ ნუევო ლარედოს მახლობლად მდებარეობს და ქალაქზე გამავალ ნარკო-მარშრუტებს თავად აკონტროლებენ. არსებობს ეჭვი, რომ „ლოს ზეტას“ მოქმედების არეალი ამერიკის კონტინენტს ცდება და ახლო კავშრები აქვს იტალიურ მაფიასთან, კერძოდ ნდრანგეტასთან (‘Ndrangheta).

„ლოს ზეტას“ დაარსდა 1999 წელს მექსიკის არმიის ყოფილი ელიტარული ჯარისკაცების მიერ. დროთა განმავლობაში მას შეურთდნენ ყოფილი პოლიციელები და სამხედრო პირები, ისევე როგორც გვატემალას სამხედრო სპეცსამსახურის „კაიბილესის“ მებრძოლები.

„ლოს ზეტას“ დაარსებაში მთავარი წვლილი ყურის კარტელის ბოსს, ოსიელ კარდენასს მიუძღვის. მან 90-იან წლებში გადაწყვიტა თავისი ბიზნესის პროტექციისა და მეტოქე კარტელებზე უპირატესობის მოპოვების მიზნით სამხედრო შენაერთის შექმნა. ამისთვის მან დაიქირავა ლეიტენანტი არტურო გუსმან დესენა, სამხედრო მეტსახელით Z1, ვის გამოც ჯგუფს დაერქვა „ლოს ზეტას“. კარდენასი გუსმან დესენას და მის დეზერტირ მებრძლებს იმაზე მეტს უხდიდა, ვიდრე მექსიკის სახელმწიფო. სამაგიეროდ სამხედრო შენაერთი უზრუნველყოფდა ვალების შეგროვებას, ნარკოტიკების მიწოდების უსაფრთხოებას, მარშრუტების დაცვასა და მოწინააღმდეგეთა „იმქვეყნად“ გასტუმრებას. ცნობილია, რომ ამგვარი სისხლიანი ოპერაციების შესრულებისას „ლოს ზეტას“ აქტიურად იყენებს ციხის დაჯგუფებას „ტექსასის სინდიკატი“ და ლოს ანჯელესისი კრიმინალურ დაჯგუფებას MS-13.

2002 წელს გუსმან დესენას მკვლელობისა და 2004 წელს Z2-ის, რეხელიო გონსალეს პიზანიას დაჭერის შემდეგ, დაჯგუფებას მისი ამჟამინდელი შეფი, ერიბერტო ლასკანო, იგივე Z3, ჩაუდგა სათავეში.

„ლოს ზეტას“ სტრუქტურა რამდენიმე იერარქიულად განსხვავებული ჯგუფისგან შედგება:

  • Los Halcones – „ქორები“ სადისტრიბუციო ზონებს აკონტროლებენ;
  • Las Ventanas – „ფანჯრები“ პატარა ბიჭები არიან, რომლებიც მოტოციკლეტით არიან აღჭურვილი და საიდუმლო სიგნალებით, როგორიცაა სტვენა, ატყობინებენ ნარკომოვაჭრეებს მოსალოდნელი საფრთხის შეახებ, როგორიცაა პოლიცია;
  • Los Mañosos – „ხელმარჯვეები“ იარაღს იძენენ;
  • Los Leopardos – „ლეოპარდები“ არიან მეძავები, რომლებიც თავიანთი კლიენტებისგან საჭირო ინფორმაციას იძენენ;
  • Dirección – დირექცია საკომუნიკაციო საშუალებებს აკონტროლებს.

დროთა განმავლობაში, სამხედრო შენაერთი ტიპიურ ნარკოკარტელად გარდაიქმნა და მექსიკური ნარკოკარტელების ოჯახის სრულუფლებიანი წევრის სატატუსით სარგებლობს. მიუხედავად დამოუკიდებელი საქმიანობისა, „ლოს ზეტას“ დღესაც ყურის კარტელის მჭიდრო მოკავშირეა და ალიანის საერთო ინტერესებს ერთად იცავენ, განსაკუთრებით მექსიკისა და აშშ-ის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში.

„ლოს ზეტას“ გავლენა და მისგან მომავალი შესაძლო საფრთხე მოსაზღვრე აშშ-ის სახელმწიფოსთვის იმდენად დიდია, რომ 2009 წლის თებერვალში ტექსასის გუბერნატორმა რიკ პერიმ წამოიწყო საზღვრის დაცვის პროგრამა Operation Border Star Contingency Plan, რის ფარგლებში საზღვრის დაცვას უზრუნველყოფს ტანკები, თვითმფრინავები და სასაზღვრო დაცვის (Coast Guard) ძალები.

ტიხუანას კარტელი ძირითადად მოქმედებს მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში, შტატ ბახა კალიფორნიასა და მის უკიდურეს ჩრდილოეთ ქალაქ ტიხუანაში, რომელიც აშშ-ს, კონკრეტულად კი კალიფორნიის შტატს, ესაზღვრება. კარტელს მეთაურობს არელიანო ფელიქსის ოჯახი, ამიტომ ტიხუანას ხშირად არელიანო-ფელიქსის ორგანიზაციასაც უწოდებენ. ძმები არელიანო ფელიქს კი მიგელ ანხელ ფელიქს გალიარდოს დისშვილები არიან, რომელმაც დაარსა გვადალახარას კარტელი, რომლის გაყოფის შედეგადაც წარმოიშვა დღეისათვის ორი „ჰაი-ქლას“ ნარკოკარტელი: ტიხუანა და სინალოა.

როდესაც ტიხუანას კარტელი შეიქმნა, არელიანო-ფელიქსის ოჯახში 7 ძმა შედიოდა, რომლებიც ერთობლივად მეთაურობდნენ კარტელს. მას შემდეგ, ძმების უმეტესობა ან დააკევეს ან მოკლეს. მათ შორის ყველაზე მნიშნელოვანი რამონ არელიანო ფელიქსის მკვლელობა პოლიციის მიერ 2002 წელს იყო. აღნიშნავენ, რომ რამონ არელიანო ფელიქსი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

7 ძმასთან ერთად, ოჯახში 4 დაც არის, რომელთაგან ორი, ალისია და ენედინა, განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართული „საოჯახო ბიზნესში“. დღესდღეობით ტიხუანას კარტელს სწორედ ენედინას შვილი, ლუის ფერნანდო სანჩეს არელიანო ხელმძღვანელობს, რომლის მეტსახელია „ინჟინერი“, „ელ ინხენიერო“ (“El Ingeniero”).

კარტელი განსაკუთრებით დასუსტდა 2006 წელს, როდესაც ბახა კალიფორნიის შტატში აშშ-ის სასაზღვრო დაცვამ დააპატიმრა ძმებს შორის ყველაზე უცმროსი, ხავიერ არელიანო ფელიქს. ამას მოყვა 2008 წელს უფროსი ძმის, ედუარდო არელიანო ფელიქსის დაპატიმრება, რომელიც უკანასკნელი იყო 7 ძმას შორის, რის შემდეგაც კარტელს ფერნანდო სანჩეს არელიანო მეთაურობს.

2003 წელს ტიხუანას კარტელმა და მექსიკის ყურის კარტელმა შეკრეს ალიანსი, რომლის საფუძველი ციხეში დადებული შეთანხმება იყო ტიხუანას ბენჯამინ არელიანო ფელიქსსა და ყურის კარტელის ბოსს, ოსიელ კარდენასს შორის. პირადი უთხანხმოების გამო, როგორც ცნობილია, ალიანსი გარკვეული პერიოდის შემდეგ შესუსტდა და დაიშალა.

დღესდღეობით, ტიხუანას კარტელს განსაკუთრებულად მტრული ურთიერთობა თავის განაყოფთან, სინალოას კარტელთან და მეზობლად მდებარე, ხუარესის კარტელთან აქვს. 2006 წლის აპრილში, ქალაქ ტიხუანაში, მოხდა მექსიკის ნარკო-ომების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ბრძოლა ტიხუანასა და სინალოას შორის, რომელსაც სხვადასხვა მონაცემებით ორივე კარტელიდან 14 ან 17 განგსტერი შეეწირა.

ტიხუანასა და ხუარესს შორის დაპირისპირება კი აღწერილია 2000 წლის ფილმში „Traffic“.

ხუარესის კარტელი დაარსდა ქალაქ სიუდად ხუარესში, ჩიჰუაჰაუას შტატში, რომელიც ესაზღვრება აშშ-ის ქალაქ ელ პასოს, ტექსასის შტატში. ნუევო ლარედოსა და ტიხუანასთან ერთად, სიუდად ხუარესი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო გზაა, რომლიდანაც მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის კონტრაბანდული საქონელი მიედინება მექსიკიდან აშშ-ში ნარკოტიკული ნივთიერებების სახით. სწორედ ამ უპირატესობის გამო, 90-იან წლებში, როდესაც ხუარესის კარტელს მეთაურობდა ამადო კარილიო ფუენტესი, კარტელი ყველაზე გავლენიან ძალას წარმოადგენდა მექსიკაში. ამ პერიოდში კარტელი განსაკუთრებული სისატიკით გამოირჩეოდა: კარტელის წევრები მეტოქეებს კლავდნენ, ხოლო მათ გვამებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტოვებდნენ, რითიც მოსახლეობასა და პოლიციაში შიშს თესავდნენ. ხუარესის კარტელს მიუძღვის ბრალი სერიულ მკვლელობებში, რომელიც 2004 წლამდე მიმდინარეობდა, სანამ მექსიკის მთავრობამ არ აღმოაჩინა სიუადად ხუარესში მდებარე სახლი, სადაც დამარხული იყო 12 ადამიანი. ამ სახლს „სიკვდილის სახლი“ უწოდეს.

ხუარესის კარტელი მექსიკის სამ შტატში (ჩიჰუაჰაუა, დურანგო, სინალოა) ფლობდა განსაკუთრებულ ძალაუფლებას, რის გამოც ხუარესისა და მისი მოკავშირეების ალიანსს „ოქროს სამკუთხედს“ (La Alianza Triángulo de Oro) უწოდებდნენ. ალიანსის მთავარი „მჭედელი“ ამადო კარილიო ფუენტესის ძმა, ვისენტე იყო, რომელიც კარტელს სათავეში 1997 წელს ჩაუდგა, როდესაც ამადო გარდაიცვალა. ალიანსის მთავარი წევრები ვისენტე კარილიო ფუენტესთან ერთად სინალოას ბოსები ისმაელ მაიო სამბადა, ხოაკინ  „ელ ჩაპო“ გუსმანი და ძმები ბელტრან-ლეივა იყვნენ.

როდესაც 2001 წელს, „ელ ჩაპო“ ციხიდან გამოვიდა, ხუარესის კარტელის ნაწილი სინალოას შეუერთდა, რის შედეგადაც განსაკუთრებით გამწვავდა ალიანსის შიგნით დაპირისპირება და ალიანსი დაიშალა. ხუარესი და სინალოა კი ერთმანეთის მეტოქეები გახდნენ. სინალოას კარტელის უპირატესობა და ძალაუფლება განსაკუთრებით გამოიკვეთა 2000-იან წლებში, რის საპირისპიროდაც ხუარესის კარტელი საგრძნობლად შესუსტდა. დღეისათვის ხუარესის კარტელი აგრძელებს თავის საქმიანობას ხან სინალოას და ხან ყურის კარტელებთან ალიანსის გზით. ამგვარად, ის ინარჩუნებს ძალაუფლებას და ამასთან, აბალანსებს ძალთა თანაფარდობას ამ ორ უკანასკნელ კარტელს შორის. განსაკუთრებული მეგობრობა კი ხუარესს ბოლო პერიოდში ბელტრან-ლეივას კარტელთან აკავშირებს, რომელიც მისი უმთავრესი მოკავშირეა.

ბელტრან-ლეივას კარტელი დაარსებულია 5 ძმა ბელტრან-ლეივას მიერ 2008 წელს. 2008 წლამდე ძმები სინალოას კარტელის ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანთან მუშაობდნენ და „ოქროს სამკუთხედისა“ და „ფედერაციის“ მნიშვნელოვან ფრთას წარმოადგენდნენ. 2008 წლის იანვარში ალფრედო ბელტრან ლეივა დააკავეს. ძმებმა მისი დაკავება „ელ ჩაპოს“ დააბრალეს და საპასუხოდ მას 22 წლის შვილი, ედგარ გუსმან ლოპესი მოუკლეს. აღნიშნული მოვლენები გახდა ბელტრან-ლეივას ფრთის ცალკე კარტელად ჩამოყალიბების საფუძველი.

ძმების სინალოადან წასვლის შემდეგ, ახლადჩამოყალიბებული კარტელი „დაუმეგობრდა“ მექსიკის ყურის კარტელს, „ლოს ზეტას“ და ხუარესის კარტელს. ამან გამოიწვია ხუარესსა და სინალოას შორის კიდევ ერთხელ ურთიერთობების გაფუჭება. ახალ მოკავშირეებთან ერთად, ძმებს სინალოადანაც გამოყვნენ მნიშვნელოვანი ფიგურები, მათ შორის აღსანიშნავია ედგარ „ლა ბარბი“ ვალდეს ვილიარეალი თავისი სამხედრო შენაერთით „ლოს ნეგროს“. ამასთან ერთად, ბელტრან-ლეივას კარტელის გავლენასა და ძალაუფლებაზე ზრუნავს არტურო ბელტრან ლეივას პირადი სამხედრო შენაერთი, რომელსაც „არტუროს შეარაღებულ ძალებს“ (FEDA – „Fuerzas Armadas de Arturo“) უწოდებენ.

კარტელის მთავარი შემოსავალი კოკაინის კონტრაბანდას უკავშირდება, რომლის წყარო კოლუმბია და კოლუმბიური ნორტე დელ ვალეს კარტელია.

ბელტრან-ლეივას აღმასვლამ არსებითად შეცვალა ძალთა ბალანსი მექსიკის ნარკოტიკების სამყაროში და 90-იან წლებში არსებული ბიპოლარიზმი მნიშვნელოვნად შეარყია. დღეისათვის, მართალია კარტელები ძალაუფლებისა და კეთილდღეობისათვის კვლავ ცდილობენ ალიანსების შეკვრას, მაგრამ თითოეული მათგანი უფრო მეტად დამოუკიდებელი მოთამაშეა და მექსიკა-ამერიკის საზღვარზე უფრო მეტად პლურალიზებული გარემოა, ვიდრე ეს იყო 90-იან წლებსა თუ 2000-იანების დასაწყისში.

ბელტრან-ლეივას კარტელის საქმეები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაუარესდა. 2009 წლის 16 დეკემბერს მექსიკის სამხედრო ძალებმა მოკლეს არტურო ბელტრან ლეივა, ძმებს შორის უმთავრესი ლიდერი, ხოლო 2010 წლის 2 იანვარს მექსიკის ფედერალურმა პოლიციამ დააკავა არტუროს ძმა კარლოს ბელტრან ლეივა.

მიჩოაკანის ოჯახი (La Familia Michoacana), შემოკლებით „ლა ფამილია“ დიდი მექსიკური ნარკო-კარტელების ოჯახის კიდევ ერთი საინტერესო წარმომადგენელია, რომელიც სხვა დანარჩენი კარტელებისგან განსხვავდება წარმოშობის ისტორიითა და მოქმედების პრინციპებით. ლა ფამილია ჩამოყალიბდა 80-იან წლებში მექსიკის დასავლეთ შტატ მიჩოაკანში და ახლად-შექმნილი ორგანიზაციის მიზნები სულაც არ იყო ნარკო-ბიზნესით ხელის მოთბობა. თავდაპირველად ორგანიზაციის წევრების მთავარი საზრუნავი მიჩოაკანში მცხოვრები ღარიბი და დაუცველი მოსახლეობის დაცვა და შტატში წესრიგის დამყარება იყო. ადამიანის გამტაცებლები და ნარკოდილერები კი ლა ფამილიას მოსისხლე მტრებად მიაჩნდა. გარკვეული დროის შემდეგ, ლა ფამილია ძლევამოსილ ბანდიტურ დაჯგუფებად ჩამოყალიბდა, რომელსაც ლოგიკურად საკუთარი მატერიალური ინტერესებიც გაუჩნდა. ლა ფამილიამ მექსიკის ნარკოტიკების სამყაროში პირველი ნაბიჯი მექსიკის ყურის კარტელთან თანამშრომლობით გადადგა, როდესაც 90-იან წლებში ლა ფამილია ყურის კარტელის შეიარაღებულ დაჯგუფებას წარმოადგენდა, რისი მეშვეობითაც ყურის კარტელმა მიჩოაკანის შტატში გავლენა მოიპოვა. 2006 წელს კი, ლა ფამილია „ოფიციალურად“ გამოეყო ყურის კარტელს და თვითმყოფად და სრულუფლებიან ნარკოკარტელად ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც ლა ფამილიამ ყურის კარტელსა და „ლოს ზეტას“ ზურგი აქცია, მომხრეები სინალოასა და ტიხუანას კარტელის სახით გაუჩნდა.

გარდა ჩამოყალიბების ისტორიისა, ლა ფამილია სხვებისგან საკუთარი პრინციპებითაც განსხვავდება, რომელთა შორის უმთავრესი ღრმად რელიგიურობაა. როგორც წესი, ლა ფამილია თავის ჩადენილ დანაშაულებს, როგორიცაა მკვლელობა, „ღვთიური სამართლიანობის“ პრინციპით ამართლებს. უფრო მეტიც, კარტელის ლიდერმა, ნაზარიო მორენო გონსალესმა, მეტსახელით „ყველაზე გიჟი“ (El Más Loco), თავისი დაწერილი ბიბლია გამოსცა, სადაც ამბოხებული გლეხების სლოგანები სახარებისეულ პრინციპებთან არის შეზავებული.

ამასთან, მორენო გონსალესი უკრძალავს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას ბავშვებსა და ქალებს და ასევე თავისი კარტელის წევრ მამაკაცებსაც. საზოგადოებაში მხარდაჭერის მიზნით, კარტელი სესხს აძლევს ფერმერებს, სკოლებსა და ეკლესიებს, ხოლო სტატიებს თავისი საქველმოქმედო საქმიანობების შესახებ ადგილობრივ გაზეთებს უკვეთავს. 2009 წლის ივნისში კარტელის ერთ-ერთმა წევრმა სერვანდო გომეს მარტინესმა ტელევიზიით განაცხადა, რომ ლა ფამილია ხალხისა და ოჯახების ინტერესებისთვის შეიქმნა და რომ ისინი სიკეთისა და მშვიდობის გამარჯვებისათვის სჩადიან აუცილებელ ბოროტებას. ეს „აუცილებელი ბოროტება“ კი ხშირ შემთხვევაში მექსიკის სტანდარტებითაც კი ზედმეტად სასტიკია. 2006 წელს კარტელის წევრებმა ადამიანის 5 მოკვეთილი თავი შეაგორეს ღამის კლუბში მესიჯით, სადაც ეწერა: „ლა ფამილია არ კლავს ფულისთვის. ის არ კლავს ქალებს. ის არ კლავს უდანაშაულო ადამიანებს, არამედ მხოლოდ მათ, ვინც ამას იმსახურებს. იცოდეთ, რომ ეს ღვთაებრივი სამართალია.“

ლა ფამილია გაცდა მხოლოდ ნარკოკარტელის ორდინალურ საქმიანობას მიჩოაკანის შტატში და ის უკვე იმ საქმეებითაც არის დაკავებული, რაც მთავრობას ევალება: ლა ფამილია აგროვებს გადასახადს ადგილობრივი ბიზნესმენებისგან, აფინანსებს სათემო პროექტებს, აკონტროლებს წვრილმან დანაშაულს და აგვარებს დავებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გარდა მთავრობის პარალელური საქმიანობისა, ლა ფამილია ოფიციალურ მთავრობაშიც მნიშვნელოვან ბერკეტებს ფლობს. კარტელს 20-მდე ადგილობრივი პოლიტიკოსი ჰყავს მოკლული, აქედან 2 ქალაქის მერი. კარტელი უფლებამოსილია დაასახელოს თავისი კანდიდატი სახელისუფლებო და საპოლიციო თანამდებობებზე. უფრო მეტიც, მიჩოაკანის შტატის გუბერნატორის ძმა, რომელიც კონგრესის ქვედა პალატის წევრიც არის, მხილებულია, როგორც ლა ფამილიას მაღალი რანგის წევრი და ბრალდებულია კარტელის პროტექციაში.

ლა ფამილია სულ უფრო და უფრო ძლიერდება როგორც მიჩოაკანში, აგრეთვე მთელი მექსიკისა და ასევე აშშ-ის მასშტაბით. დღესდღეობით ლა ფამილია აშშ-ში მეტამფეტამინების შეტანით პირველ ადგილს იკავებს. აღნიშნული მასშტაბების გათვალისწინებით, აშშ-ის მთავრობამ წამოიწყო პროექტი „კორონადო“, რომლის ფარგლებშიც 2009 წლის 22 ოქტომბერს დააკავეს 303 ადამიანი აშშ-ის 19 სხვადასხვა შტატში. სულ, პროექტის დაწყების პირველივე დღიდან დღემდე დაკავებულია 1200-მდე ადამიანი, რომელიც მხილებულია მექსიკურ ნარკობიზნესში, უმთავრესად კი ლა ფამილიასთან კავშირში.

ნარკოტრეფიკი – მექსიკის შიდა პრობლემა

როგორც კარტელების მიმოხილვიდან ჩანს, ნარკობიზნესის პრობლემა ნარკოტიკების ავკარგიანობისა და ჯანდაცვის სფეროს ცდება. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ უმნიშვნელო და მეორეხარისხოვანი საკითხია თავად მექსიკისათვის, რადგან ნარკობიზნესი ისეთ მნიშვნელოვან და სახელმწიფოსათვის დამღუპველ პრობლემებს უწყობს ხელს, როგორიცაა:

  • ძალადობის ზრდა,დამიანების  მკვლელობები და გატაცებები – როგორც წესი, ბრძოლა მეტოქე კარტელებსა და მთავრობას შორის დასახლებულ პუნქტებში მიმდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას. ბოლო 3 წლის მანძილზე მექსიკაში 9,900-მდე ადამიანი მოკლეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული მიზეზით. ეს უფრო მეტია ვიდრე აშშ-ის დანაკარგი ერაყში. მეორე მხრივ, ნარკოკარტელებისთვის მკვლელობები და ამით გამოწვეული შიში საუკეთესო გზაა მოსახლეობაზე კონტროლის მოსაპოვებლად. ამ მიზნით, კარტელები მოკლულ გვამებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა თუ მოედნებზე გამოფენენ ხოლმე, რათა მოსახლეობამ იცოდეს, ვინ არის უზენაესი ძალა რეგიონში. ამავე მიზეზით, ბოლო პერიოდში ხშირია ნარკოკორიდოს ჟანრის მომღერლების გატაცებები და მკვლელობები. ამ ჟანრის მომღერლები ძირითადად ნარკოდილერებსა და მათ საქმიანობაზე მღერიან.
  • კორუფცია სახელმწიფო ორგანოებში – ნარკოკარტელების მიზანი ძალაუფლებისა და შემოსავლების ზრდაა, ამისათვის მათ თავიანთი ბიზნესის პროტექცია სჭირდებათ, რათა მთავრობა მათ საქმეებში არ ჩაერიოს. Laissez-faire-ის პრინციპით მოტივირებული ნარკოკარტელები მთავრობის ლოიალურობის მოსაპოვებლად ქრთამებს აქტიურად და წარმატებით იყენებენ. ამგვარი კორუფციის ყველაზე ნათელი და „თავხედური“ მაგალითია ბელტრან-ლეივას კარტელის მიერ მეხიკოში მდებარე ინტერპოლის ოფისის მოქრთამვა და მისგან საჭირო ცნობების მიღება მოსალოდნელი ანტი-ნარკოტიკული ოპერაციების შესახებ.  2005 წელს, მექსიკის გენერალურმა პროკურატურამ მექსიკის გამოძიების ფედერალური სააგენტოს 7,000 თანამშრომლიდან 457 ნარკოკარტელებთან თანამშრომლობაში ამხილა. ამავე ბრალდებით 2008-09 წლებში მექსიკაში დააკავეს რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, მათ შორის მეხიკოს ინტერპოლის ოფისის ყოფილი დირექტორი, ორგანიზებული დანაშაულის განყოფილების ყოფილი უფროსი და ფედერალური პოლიციის ყოფილი შეფი.
  • იარაღის კონტრაბანდა – ნარკოტიკებთან ერთად, ნარკოკარტელები როგორც წესი იარაღის არალეგალური ბიზნესითაც არიან დაკავებული. ძირითადად, სამხედრო აღჭურვილობა მექსიკაში აშშ-დან შეაქვთ. აზია და ცენტრალური ამერიკაც ერთ-ერთი ძირითადი მომმარაგებელი ტერიტორიებია. აშშ-ის ATF-ის მიხედვით, 2002 წლიდან დღემდე აშშ-დან მექსიკაში იარაღის 23,000-მდე ერთეული შევიდა არალეგალური კონტრაბანდის გზით. მათი 55% კი ავტომატური ცეცხლსასროლი შაშხანაა, რომელთა შორის ყველაზე პოპულარულია AK-47 და AR-15.
  • ეკონომიკური რეგრესი – გარდა იმისა, რომ ნარკოტიკებისა და იარაღის ჩრდილოვანი ეკონომიკა დიდ ზიანს აყენებს მექსიკის ეკონომიკურ განვითარებას, ნარკოკარტელების პრობლემა სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია. არასათანადო უსაფრთხოების პირობები ქვეყნის იმიჯის შელახვასა და გარე ინვესტიციების შემცირებას იწვევს. ფინანსთა მინისტრის, აგუსტინ კარსტენსის განცხადებით, უსაფრთხოების გაუარესება მექსიკის მთლიან შიდა პროდუქტს ყოველწლიურად 1%-ით ამცირებს.

ნარკოტრეფიკი – საერთაშორისო საფრთხე

მექსიკური ნარკოკარტელები მხოლოდ მექსიკის შიდა პრობლემა არაა, არამედ ის საფრთხეს სხვა დანარჩენ ქვეყნებსაც უქმნის, პირველ რიგში კი ეს მეზობელი ამერიკის შეერთებული შტატებია. სწორედ ამერიკიდან შემოაქვთ ნარკოდილერებს იარაღი, ხოლო ნარკოტიკული ნივთიერებების საბოლოო დანიშნულების ადგილიც ამერიკაა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი სწორედ მექსიკურ ნარკოკარტელებს მიიჩნევს ორგანიზებული დანაშაულის ყველაზე სახიფათო წყაროდ ამერიკისთვის. აშშ-ის გაერთიანებული ძალების სამმართველოს (USJFCOM) 2008 წლის ნოემბრის მოხსენებაში წერია, რომ ამერიკისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ორ ქვეყანაში, პაკისტანსა და მექსიკაშია.

ამერიკის ქუჩებში გაყიდული კოკაინის 90% და მეტამფეტამინების 80% მექსიკიდან არის შესული. ყოველწლიურად კი 1,000 ტონაზე მეტი მარიხუანა შედის აშშ-ში მექსიკის გავლით. საპირისპიროდ, ყოველწლიურად მექსიკურ ნარკოკარტელებს ერთად სხვადასხვა მონაცემებით 12-დან 23 მილიარდ დოლარამდე მოგება შესდით აშშ-დან. როგორც უკვე აღინიშნა, ნარკობიზნესში უცხო არ არის ადამიანის გატაცებები და მკვლელობები. 2004 წლიდან დღემდე 200-ზე მეტი ამერიკელი მოკლეს მექსიკის ტერიტორიაზე.

მექსიკისა და აშშ-ის გადაჯაჭვულობას ხელს უწყობს უამრავი წარმოშობით მექსიკელი, რომელიც აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ შტატებში, მექსიკის მოსაზღვრედ ცხოვრობს. როგორც წესი, ისინი იშვიათად კარგავენ ურთიერთობას თავის ისტორიულ სამშობლოსთან. ამ ურთიერთობების შემადგენელ ნაწილს, როგორც ჩანს, ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდა წარმოადგენს. როგორც ცნობილია, მექსიკური ნარკოკარტელები მჭიდროდ თანამშრომლობენ აშშ-ის ქალაქებში მოქმედ ქუჩის წვრილ განგსტერულ დაჯგუფებებთან, რომლებიც ერთი მხრივ, ნარკოტიკების დისტრიბუციას ეწევიან აშშ-ის შტატებში, ხოლო მეორე მხრივ, მექსიკელ ნარკომოვაჭრეებს ეხმარებიან იარაღის შეძენაში. ამგვარი ურთიერთობების ნათელი მაგალითია თანამშრომლობა „ლოს ზეტას“ და ლოს ანჯელესის კრიმინალურ დაჯგუფება „მარა სალვატრუჩას“ (MS-13) და ციხის დაჯგუფება „ტექსასის სინდიკატს“ შორის. ამავე ბიზნესში ჩართულები არიან სხვა ამერიკული ციხის, ქუჩისა თუ მოტოციკლეტის (ე.წ. კანონგარეშე მოტოციკლეტის ბანდები – Outlaw Motorcycle Gangs (OMGs)) კრიმინალური დაჯგუფებები: არიული საძმო, მექსიკური მაფია (La Eme), ნუესტრა ფამილია, მე-18 ქუჩის ბანდა, ბანდიდოს და სხვა. ამგვარი ორმხრივი ურთიერთობა მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე საერთაშორისო დანაშაულის ნათელი მაგალითია, რაც იმის ილუსტრირების საშულებას იძლევა თუ რამდენად სერიოზულ საერთაშორისო საფრთხეს წარმოადგენს მექსიკური ნარკოკარტელები. თავად მექსიკელი და ამერიკელი ოფიციალური პირებიც აღნიშნავენ, რომ პრობლემა საერთოა და ამ მიზნით შეიმუშავეს საერთო სტარტეგია ნარკობიზნესის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელსაც „მერიდას ინიციატივა“ ეწოდება. მასში გაერთიანებული არიან ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც აგრეთვე იზიარებენ ნარკობიზნესის პრობლემას. უმეტესი მათგანი არალეგალური ნარკოტიკების ექსპორტიორი ან იმპორტიორია.

პრობლემის საერთაშორისო ასპექტი მხოლოდ ამერიკის კონტინენტით არ შემოიფარგლება. მექსიკური კარტელები ევროპულ ბაზარზე შესაღწევად აფრიკის კონტინენტს იყენებენ, როგორც თავის დროზე კოლუმბიური კარტელები იყენებდნენ მექსიკას აშშ-ში შესაღწევად. დასავლეთ აფრიკა ევროპასთან სიახლოვისა და ნაკლები სამთავრობო კონტროლის გამო საუკეთესო გზას წარმოადგენს ლათინური ამერიკის კარტელებისთვის. ამჯერად მექსიკური ნარკო-ორგანიზაციები აფრიკულ კრიმინალურ დაჯგუფებებს იყენებენ თავიანთი არალეგალური პროდუქციის ევროპაში, მეტწილად ესპანეთში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში, შესატანად და დისტრიბუციისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ლოს ზეტას“ არ მარტო წვრილ ქუჩის დაჯგუფებებთან აქვს კავშირი, არამედ იტალიის დღეისათვის ყველაზე მძლავრ და გავლენიან ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფთან, კალაბრიულ ნდრანგეტას მაფიასთან. ამგვარი თანამშრომლობა, რომელიც მექსიკური ნარკოკარტელების გავლენის ზრდაზე მიუთითებს, შესაძლოა არსებითი საფრთხის შემცველი იყო საერთაშორისო პოლიტიკაში იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც მექსიკური კარტელები მექსიკაში, ისე მაფია იტალიაში მნიშნელოვან ბერკეტებს ფლობს ადგილობრივ პოლიტიკაში. ამგვარად, მექსიკის ნარკო-ორგანიზაციების სამოქმედო არეალი უკვე 4 კონტინენტზე ვრცელდება: ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, აფრიკა და ევროპა.

როდესაც მექსიკური ნარკოკარტელების საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფებთან კავშირზე ვსაუბრობთ, საინტერესოა საკითხია,  ტერორისტული ჯგუფებთან მათი ურთიერთობის საკითხი. ამერიკულ პრესაში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა ეჭვები, რომ ისლამური ტერორისტული ორგანიზაციები მხარს უჭერენ მექსიკურ კარტელებს, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს. თან ისიც ნათელია, რომ მათ სხვადასხვა მიზნები ამოძრავებთ: ისლამური ტერორისტების ძირითადი მოტივაცია იდეოლოგიაა, რელიგია ან ნაციონალიზმი, ხოლო ნარკოკარტელებს აღნიშნული საკითხი ნაკლებად აღელვებთ და მათი მთავარი ინტერესი მატერიალური მოგებაა.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებული ინტერესების მიუხედავად, ნარკოკარტელები ხშირად იმავე მეთოდებს მიმართავენ, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებები. ამის მაგალითია 2008 წლის 15 სექტემბერი, მექსიკის დამოუკიდებლობის დღე ქალაქ მორელიაში, მიჩოაკანის შტატში, როდესაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ათასობით მოზეიმე ხალხში ტერორისტმა ორი ჭურვი ისროლა, რასაც 8 ადამიანის სიკვდილი მოყვა. ამ ტერორისტულ აქტში ბრალი ლა ფამილიასა და „ლოს ზეტას“ ედება ბრალად, თუმცა დღემდე არ არის ცნობილი, რომელი მათგანია ნამდვილი დამნაშავე. აღსანიშნავია, რომ მორელია მექსიკის პრეზიდენტ ფელიპე კალდერონის მშობლიური ქალაქია, რაც ამ ტერაქტს პოლიტიკურ ხასიათს სძენს და ბევრის აზრით, ეს იყო გაფრთხილება მთავრობისათვის. ქმედება კი ექსპერტების აზრით შეფასებულია, როგორც ნარკოტერორიზმი.

ადამიანთა გატაცებები, მკვლელობები და აფეთქებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სწორედ ტერორის დანერგვას და ამგვარი საშუალებით მოსახლეობის ლოიალურობის მოპოვებას ემსახურება. მიუხედავად ამისა, მექსიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნარკოდილერებს მოსახლეობაში შიშის მიუხედავად ნაკლები მხარდაჭერა აქვთ და მათი საქმიანობა უფრო მეტად სიძულვილს იწვევს.

დასკვნა

მექსიკა დღეისათვის ნარკობიზნესის პრობლემის გამო მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ კრიზისშია. ფელიპე კალდერონის ანტი-ნარკოტიკული კამპანია არაეფექტურია. ნარკო-ორგანიზაციები აგრძელებენ არამარტო ფუნქციონირებას, არამედ განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობენ რიგ რეგიონებში, როგორიცაა სინალოა, ტამაულიპასი თუ მიჩოაკანი. ამ შტატებში, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ნარკოკარტელები აკონტროლებენ ადგილობრივ მთავრობასა და პოლიციას, რაც მექსიკის ხელისუფლებაში დამკვიდრებული კორუფციის საშუალებით ხერხდება. ამგვარი სიტუაცია კი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის ყველანაირ სფეროში, იქნება ეს ეკონომიკა, პოლიტიკა თუ სოციალური სფერო. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ნარკოკარტელების გავლენა და ბატონობა, მით უფრო დიდი შანსია, რომ მექსიკის სახელმწიფოებრიობა დაირღვევა და ისეთივე პრობლემები შეიქმნება, როგორიც, ვთქვათ, ავღანეთშია.

აქედან გამომდინარე, მექსიკის ნარკოკარტელების პრობლემა საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს. პირველ რიგში კი საფრთხის ქვეშ მექსიკის ჩრდილოეთ მეზობელი ამერიკის შეერთებული შტატებია. მექსიკიდან აშშ-ში ნარკოკარტელებს შორის ბრძლებისა და ნარკოტერორიზმის სპილოვერის საფრთხე აშკარაა. ამასთან, მექსიკური ნარკოკარტელები მხოლოდ აშშ-ის ბაზრით არ იფარგლებიან და ცდილობენ თავიანთი საქმიანობის ატლანტის ოკეანის მიღმა გავრცელებას, რაც ევროპისა და აფრიკისათვისაც საფრთხის შემცველია. პრობლემის მასშტაბურობის გამო, ლოგიკურია, აღნიშნული საფრთხის თავიდან არიდება და ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ ბრძლა მხოლოდ მექსიკის, ან თუნდაც აშშ-ის თავის ტკივილი არ არის და უფრო ფართო საერთაშორისო საბრძოლო სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვს.

კარტელი სინალოა ყურე ლოს ზეტას ტიხუანა ხუარესი ბელტრან-ლეივა ლა ფამილია
დაარსდა 70-იანები 70-იანები 1999 1989 70-იანები 2008 2006
ბაზა სინალოა, მექსიკა მატამოროსი, ტამაული-პასი, მექსიკა ნუევო ლარედო,

ტამაული-პასი, მექსიკა

ტიხუანა, ბახა კალიფორ-ნია, მექსიკა სიუდად ხუარესი,

ჩიჰუაჰუა, მექსიკა

სინალოა, მექსიკა მიჩოაკანი, მექსიკა
ლიდერი ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმან, ისმაელ სამბადა გარსია ოსიელ და ანტონიო კარდენას, ხორხე ედუარდო კოსტილია ერიბერტო „ელ ლასკა“ ლასკანო ფერნანდო სანჩეს არელიანო ვისენტე კარილიო ფუენტეს ჰექტორ ბელტრან ლეივა ნაზარიო მორენო გონსალეს
მოკავშირე ლა ფამილია ლოს ზეტას, ბელტრან-ლეივა ყურე ბელტრან-ლეივა ხუარესი, ტიხუანა, ყურე, ლოს ზეტას ტიხუანა, სინალოა
მეტოქე ყურე, ტიხუანა, ლოს ზეტას, ბელტრან-ლეივა სინალოა, ხუარესი, ლა ფამილია სინალოა, ლოს ნეგროს სინალოა, ხუარესი სინალოა, ყურე სინალოა ყურე, ლოს ზეტას, ბელტრან-ლეივა

About gliase

I Love Gliase
This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი