შეეძლო თუ არა საქართველოს ომის პრევენცია?

ავტორი: თამარ პაპავაძე

აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს უკვე მიეცა დეფინიცია – რუსეთ-საქართველოს ომი. თუმცაღა ამ ომის განყენებულად განხილვა ვერ მოგვცემს მოვლენის სრულ სურათს. ეს იყო ომი, რომელიც არ დაწყებულა 7 აგვისტოს და არ დამთავრებულა ნიკოლა სარკოზის მიერ მომზადებული “6 პუნქტიანი გეგმის” ხელმოწერით. მაგრამ თუკი გადავხედავთ ქართულ-რუსული ურთიერთობების დინამიკას ორივე ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის შემდეგ, ცალსახად შეიძლება ვუწოდოთ სტარტს წარმატებული.

პოსტრევოლუციური საქართველო მზად იყო დიალოგისათვის რუსეთთან. მიხეილ სააკაშვილის პირველი ვიზიტი, პრეზიდენტის რანგში, სწორედ ამ ქვეყანაში შედგა. 2004 წლის 2 თებერვალს, საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში (МГИМО) საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამ პოზიტიური რეზონანსი გამოიწვია რუსულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში.

წარმოთქმული სიტყვა შეფასებულ იქნა როგორც ახალი ეტაპი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ახალი სამოქმედო გეგმა, საქართველოს მიერ გამოწვდილი თანამშრომლობის ახალი ხელი. მიუხედავად ამისა, ოფიციალურმა თბილისმა დააფიქსირა საკუთარი ურყევი პოზიცია ისეთ მტკივნეულ საკითხებზე, როგორიც იყო რუსული ბაზები საქართველოში, ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა და ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გაყინული კონფლიქტები. “ჩვენ არასოდეს შევეგუებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოსვლას საქართველოს შემადგენლობიდან”- განაცხადა სააკაშვილმა. მან აგრეთვე, რუსეთს შესთავაზა თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, ერთობლივი ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ და საზღვრის ერთობლივი კონტროლი.

სააკაშვილის გამოსვლის მთავარი გზავნილი იყო საქართველოს მზადყოფნა რუსეთთან ურთიერთობების ახალი სტარტისათვის. “დღესდღეობით, რუსეთი ძლიერდება, მას შეუძლია უფრო ფართოდ უყუროს პრობლემებს და არ ეშინოდეს კონკურენციის. ასეთ ძლიერ რუსეთთან ჩვენ გვსურს მეგობრობა.” -აღნიშნავს სააკაშვილი.

ამ დეტანტის ფონზე რუსეთის შედარებით, თუმცა არა აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციის შედეგად, უმტკივნეულოდ გადაიჭრა აჭარის პრობლემა. თუმცაღა 2004 წლის ზაფხულში, სამხრეთ ოსეთში განვითარებულმა მოვლენებმა კვლავ დაძაბა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.

გართულებული ურთიერთობების მორიგი სერია რუსი ჯაშუშების დაჭერით დაიწყო, 2006 წლის შემოდგომაზე, მას რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციები მოჰყვა და რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისათვის ჩაიკეტა. მოვლენებმა კულმინაციას მიაღწია 2006 წლის ზამთარში, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია და ქართველების დევნა ეთნიკური ნიშნით.

აღნიშნული პროცესები მიმდინარეობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარებული ტემპის ფონზე. აგონიაში მყოფი რუსეთი აფიქსირებს თავის შეშფოთებას ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით 2007 წლის თებერვალში, მიუნხენის კონფერენციაზე. ვლადიმერ პუტინმა თავისი ხმაურიანი და სკანდალური გამოსვლით რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი მიაწოდა მსოფლიოს:

1)   რუსეთი აღარ აპირებს შეეგუოს უნიპოლარულ სამყაროს

2)   ნატოს მოახლოება რუსეთის საზღვრებთან საგრძნობლად ამცირებს ნდობის ხარისხს მათ შორის და რუსეთი სვამს შეკითხვას, ვის წინააღმდეგ ფართოვდება ალიანსი?

პუტინის გამოსვლა შეფასებულ იქნა ანტიამერიკანიზმის ახალ სტანდარტად, თუმცაღა, როგორც ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა განაცხადა “თავისი ერთადერთი გამოსვლით, მან გააკეთა უფრო მეტი ევროპისა და აშშ-ს გაერთიანებისათვის, რისთვისაც ჩვენ ათწლეულები დაგვჭირდებოდა”.

მიუნხენის კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა საერთაშორისო თანამეგობრობა ნატოს გაფართოების აუცილებლობაში. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობაც კი გადაუხადა, “მან ნათლად და დამაჯერებლად დაგვიმტკიცა, თუ რატომ უნდა გაფართოვდეს ნატო”.

2007 წლის აპრილში, საქართველო IPAP–დან ნატოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე  –  ინტენსიურ დიალოგზე გადავიდა, რამაც ცხადი და გარდაუვალი გახადა ქვეყნის ინტეგრაცია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში.

ამ დროიდან მოყოლებული რუსეთის ხელისუფლება ცალსახად ცდილობდა ხელი შეეშალა საქართველოს გაწევრიანების პროცესისათვის, ახდენდა რა კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის ესკალაციას და იწვევდა პოლიტიკურ კრიზისებს ქვეყნის შიგნით, ვინაიდან საქართველოზე კონტროლის დაკარგვა ნიშნავს კონტროლის დაკარგვას ამიერკავკასიაზე და რუსეთის დამარცხებას ამ რეგიონში.

საბოლოოდ, რუსეთმა მოახერხა დაერწმუნებინა ევროპა, რომ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება ბუქარესტის სამიტზე 2008 წლის 2-4 აპრილს ევროპული უსაფრთხოებისათვის დამატებითი თავსატეხი გახდებოდა. ალიანსმა თავი შეიკავა საქართველოს ახალ ეტაპზე გადასვლისაგან, თუმცა ბუქარესტის დეკლარაციამ საქართველო და უკრაინა ალიანსის პოტენციურ წევრებად აღიარა.

ამ მოვლენამ რუსეთს “ხელები გაუხსნა” საქართველოში და დაიწყო აქტიური ქმედებების განხორციელება რეგიონში გავლენის აღსადგენად. პირველ რიგში ნორმატიული ბაზა იქნა სრულყოფილი და მორგებული ქვეყნის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე:

1) ცვლილება იქნა შეტანილი სამხედრო დოქტრინაში, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საომარი მოქმედებების წარმოების უფლება მიეცათ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

2) საგარეო პოლიტიკის კონცეფციაზე დაყრდნობით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებმა 2008 წლის იანვარში მოამზადეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიმოხილვა (Обзор внешней политики РФ), რომელშიც განისაზღვრა ქვეყნის საგარეო ვექტორები და პრიორიტეტები.

ა) მიმოხილვა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვალეობად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების დაცვას მიიჩნევს. თუ გავიხსენებთ, როგორი ინტენსიური ტემპით არიგებდა რუსეთის ხელისუფლება რუსულ პასპორტებს კონფლიქტურ რეგიონებში და თუ რა მიზეზით მოხდა რუსეთის საქართველოში ინტერვენცია, ყველაფერი ნათელი ხდება. “ჩვენ ვიცავთ ჩვენს თანამოქალაქეებს ქართული აგრესიისაგან” – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა აგვისტოს მოვლენების დროს.

ბ) აღნიშნული დოკუმენტი დსთ-ს რუსეთის მთავარ საგარეო პრიორიტეტად ასახელებს. კოლექტიური უსაფრთხოების, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის “ჰარმონიას” არღვევს მხოლოდ საქართველო. უფრო სწორად, “მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც დაფუძნებულია ეთნიკურ ნაციონალიზმზე და დასავლური ქვეყნების, პირველ ყოვლისა აშშ-ს მხარდაჭერით სარგებლობს. თბილისი ატარებს პოლიტიკურ ხაზს, რომელიც მიმართულია არსებული სამშვიდობო და მოლაპარაკებათა ფორმატების რადიკალურ ცვლილებებისაკენ, რის შედეგადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის გართულებას აქვს ადგილი.” – საუბარია მიმოხილვაში.

აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ნათელი ხდება, რომ აგვისტოს კამპანია, მიზნად ისახავდა საქართველოში არსებული ხელისუფლების დამხობას და მისი ახალი, პრორუსული პოლიტიკური ელიტით ჩანაცვლებას, რასაც არც კი მალავდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მოითხოვდა რა სააკაშვილის ხელისუფლების გადადგომას.

ნორმატიული ბაზის უზრუნველყოფის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება იწყებს საჯარისო შენაერთების მობილიზაციას ჩრდილო კავკასიაში, სამხედრო წვრთნების “კავკასია 2008”-ის ფარგლებში, რაც ნიშნავდა საქართველოს საზღვრებთან უპრეცედენტო ძალის კონცენტრაციას.

გარდა ამისა, ცხინვალის რეგიონიდან ხორციელდებოდა მოსახლეობის სწრაფი ტემპებით გახიზვნა-ევაკუაცია, რაც ბუნებრივია, ეჭვს ბადებდა და ნათელს ხდიდა რუსეთის განზრახვას.

ზემოაღნიშნული მოვლენები საქართველოს ხელისუფლებას ყურადღების მიღმა არ დარჩენია. საქართველო ცდილობდა სიტუაციის ესკალაციის პრევენციას. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას უმაღლეს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, უმტკიცებდა მსოფლიოს საფრთხის არსებობის შესახებ და ცდილობდა ფარდა აეხადა რუსეთის “საზაფხულო” გეგმებისათვის საქართველოში.

ისმის შეკითხვა: რატომ არ, ან ვერ დაიჯერა მსოფლიომ აგრესიის საფრთხე? მსოფლიო უსმენდა საქართველოს, მაგრამ არ ესმოდა მისი, რაც ძირითადად გამოწვეული იყო რუსეთის ნორმატიული რიტორიკით. ნოვატორული და მსოფლიოს უკეთსობისაკენ შეცვლის იდეებით რუსეთი კარგად ახერხებდა შეენიღბა ნეოიმპერიალიზმი. თუმცაღა, ეს ნეოიმპერიალიზმიც, სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა გადმონაშთი, კარგად დავიწყებული ძველი. და თუკი დინ აჩესონს დავესესხებით, რუსეთმა დაკარგა იმპერია, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ იპოვა საკუთარი ადგილი.

რუსეთისგან ასეთ ქმედებებს XXI საუკუნეში არავინ ელოდა. საქართველო ელოდა, თუმცა მისი აღკვეთა არ შეეძლო. პოსტ ფაქტუმ რთულია მსჯელობა, როგორ შეიძლებოდა აგვისტოს მოვლენების თავიდან აცილება, ცხადია, ბილეთი ნატოში გახდებოდა საქართველოს ხელშეუხებლობის გარანტი. თუმცა ნატოს მე-5 მუხლი, რომელიც თავად ნატოს წევრებისთვისაც კი ხშირად ორაზროვანია და რომელიც პრაქტიკაში მხოლოდ ერთხელ 2001 წლის 12 სექტემბერს იქნა გამოყენებული, როგორ იმოქმედებდა საქართველოსთან მიმართებაში ცალსახად ბუნდოვანია. საქართველოს მომავალი უსფრთხოება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსზე გადის და საქართველო რუსეთის ომის შემდეგ, უპრიანი იქნებოდა ალიანსს გამოეყენებინა ე.წ. special case (აღნიშნული პრეცედენტი ასებობს თურქეთის და საბერძნეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით).

კავკასიაში მშვიდობის გარანტად თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ერდოგანის ინიციატივით უნდა გახდეს ახალი უსაფრთხოების პლატფორმა: შეთანხმება რეგიონული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებზე.

კავკასიაში 5 ქვეყნის აღიარება (თურქეთი, საქართველო, სომხეთი, აზებაიჯანი და რუსეთი) და რუსეთის ჩართვა ამ ფორმატში გამოიწვევს მის განეიტრალებას. აღნიშნული გზისთვის საქართველოს რომც მიემართა, რთულად წარმოსადგენია, რომ რუსეთი, რომელიც არღვევს უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის გაეროს პრინციპებს და რეზოლუციებს, რომლებიც მის მიერვეა მიღებული, იქნებოდა განეიტრალებული რეგიონული უსაფრთხოების პლაცდარმით.

და ბოლოს, საქართველოს, რასაკვირველია შეეძლო ომის პრევენცია და საერთოდ აღკვეთაც კი, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმისა და საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის ფასად.

დღესდღეობით, შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას. პრეზიდენტ სააკაშვილის წლიურ ანგარიშში, რომელიც მან 2009 წლის 12 თებერვალს პარლამენტის წინაშე წაიკითხა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს საკითხად რუსეთთან საერთო ენის გამონახვა დაასახელა და გამოხატა მზადყოფნა დიალოგის დასაწყებად.

About gliase

I Love Gliase
This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports and tagged , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to შეეძლო თუ არა საქართველოს ომის პრევენცია?

  1. skiamakia says:

    ცვლილება იქნა შეტანილი სამხედრო დოქტრინაში,<< კონცეფციაში და არა სამხედრო დოქტრინაში🙂 დოქტრინა იმენა ჯარის "მანუალია"… მაგას დოქტრინა ვერ განსაზღვრავს…

    რაც შეეხება ზოგადად, არ ვეთანხმები მოსაზრებას რომ ომის პრევენცია არ შეიძლებოდა..რა მიზანიც არ უნდა ყოფილიყო რუსეთის ამ ომში, მისი აცილება შეიძლებოდა..უფრო გონივრული პოლიტიკით! ჩვენი უსაფრთხოების სისტემა საერთოდ მოუზადებელი იყო ამდაგვარი გამოწვევებისთვის და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ…

  2. Hey There. I discovered your weblog the use of msn. This is
    a really well written article. I will be
    sure to bookmark it and return to read more of your helpful information.
    Thank you for the post. I’ll definitely return.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s