სატელევიზიო სივრცე საქართველოში – მფლობელები, მაკონტროლებლები და საკანონმდებლო გარემო

20 ნოემბერს, “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველომ” გამოაქვეყნა ქართული მედიის კვლევის შედეგები.  გთავაზობთ დოკუმენტის მოკლე ვერსიას.

წინაისტორია

2008 წლის სექტემბრის მიმართვაში `დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის~4 შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პირველად აღიარა, რომ მედიის არასაკმარისი თავისუფლება საქართველოს `დემოკრატიის ძირითად გამოწვევად~ რჩებოდა. მან აღნიშნა, რომ კერძო მედიაკომპანიების საქმეში `ცხვირის ჩაყოფას“ არ აპირებდა, რომ ყურადღებას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას მიაქცევდა5 და ოპოზიციური პარტიებისთვის ტელეეთერის მეტ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა.6 ამ დაპირებების მიუხედავად, ბოლო წლის განმავლობაში ელექტრონულ მედიაში მნიშვნელოვანი სასიკეთო ძვრები არ შეინიშნება. ევროკავშირის 2009 წლის აპრილის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში `მედიის თავისუფლება და პლურალიზმი კვლავ პრობლემატურ სფეროდ რჩება~7. ევროპელმა დიპლომატები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დადებული ვალდებულებები შეძლებისდაგვარად სწრაფად შეასრულოს.8

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, უკანასკნელი წლების

განმავლობაში საქართველოში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვნად შემცირდა. Freedom House-ის 2009 წლის `პრესის თავისუფლების რანგირებაში~ თანახმად, საქარველო, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მსგავსად, იმ ქვეყნებს უახლოვდება, სადაც მედია `არ არის თავისუფალი~.9

მართალია, ბეჭდვითი მედია პლურალისტურია, მაგრამ მისი დაფარვის ზონა საკმაოდ მწირია და მხოლოდ დიდ ქალაქებზე ვრცელდება. `რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს~ ბოლო შეფასების თანახმად, მედიის თავისუფლების ხარისხი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი შეფასებებით, დღეს საქართველოში მედია იმაზე ნაკლებად თავისუფალია, ვიდრე ის 2003 წელს იყო.10

კითხვების გარეშე

სამი ძირითადი ნაციონალური არხი – `რუსთავი 2~, `იმედი~ და პირველი საზოგადოებრივი არხი – ნაკლებად ჩანს დაინტერესებული ისეთი გადაცემების გაშვებით, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მნიშვნელოვან საკითხებზე დებატები გაიმართებოდა. პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ამ არხების საინფორმაციო პროგრამები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რაც აჩენს ეჭვს, რომ მათი ახალი ამბები გარკვეული კოორდინაციით მზადდება.11

ნაციონალური არხები არა მხოლოდ საინფორმაციო გადაცემებით ჰგვანან ერთმანეთს, არამედ იმითაც, რომ ხელისუფლების ქმედებების კრიტიკას ერიდებიან. ისინი ასევე ერთნაირად არ უთმობენ ეთერს საგამომძიებლო სიუჟეტებსა და გადაცემებს. არასამთავრობო ორგანიზაცია `ინტერნიუსის~ განვითარების დირექტორი თამუნა კაკულია ეროვნულ მაუწყებლობების საინფორმაციო გადაცემებს `სრულიად იდენტური და მართვადი~ უწოდა.12

`დღევანდელ სინამდვილეში სამაუწყებლო არხებს შორის სერიოზული კონკურენცია არ არსებობს~, – აღნიშნა ფონდ `ღია საზოგადოება – საქართველოს~ მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერმა ხატია ჯინჯიხაძემ. `როდესაც რეგიონებში მომხდარი ამბავია გასაშუქებელი, სამივე არხიდან ერთი კორესპონდენტია რეგიონში მივლენილი. ადრე სამივე არხი თავის ჟურნალისტს აგზავნიდა და სამივე ცდილობდა ესა თუ ის ამბავი სხვაზე უკეთესად გაეშუქებინა. დღეს ხშირად ნახავთ სიუჟეტებს, რომელთა ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი კადრზე დადებული განსხვავებული ხმებია. ნაციონალურ არხებზე იდენტური არა მარტო ახალი ამბები, არამედ – სიუჟეტების თანმიმდევრობაც~.13

ამ აზრს `რუსთავი 2-ის~ საინფორმაციო პროგრამების ყოფილი დირექტორი და ამჟამად დამოუკიდებელი სტუდია “GNS”-ის თანადამფუძნებელი თამარ რუხაძეც იზიარებს. მისი თქმით, – “წამყვან არხებზე ექსკლუზიური სიუჟეტები არ არის. მათი მომზადებისას, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები გამოტოვებულია~.14

საქართველოს ტელესივრცის საერთო სურათი

საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე ორი კერძო ტელეარხი – `რუსთავი 2~ და `იმედი~ – დომინირებს. 2009 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, საბაზრო წილის 35,6%-ით `რუსთავი 2~ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული არხია. მას მოსდევს `იმედი~ 25,4% საბაზრო წილით.20 ორივე არხს ერთად ბაზრის 61% უკავია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზორის წინ გატარებული ყოველი 100 წუთიდან 61-ს საქართველოს მოქალაქეები `რუსთავი 2-სა~ და `იმედს~ უთმობენ.

პირველი საზოგადოებრივი არხი საბაზრო წილის მხოლოდ 8%-ს ფლობს და მასზე დაკისრებულ ძირითად ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებას – საზოგადოების კრიტიკული და ობიექტური ინფორმაციით უზრუნველყოფას – ვერ ახერხებს.21

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციას საკუთარი არხი აქვს (`აჭარა~). ის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ყოველწლიურად საშუალოდ 5 მილიონ ლარს იღებს. ამ ტელევიზიის თანამშრომლები საჯარო მოხელეები არიან.22 `კავკასია~ და `მაესტრო~ მცირებიუჯეტიანი არხებია, რომელთა დაფარვის ზონა მხოლოდ თბილისზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ვრცელდება. ეს ორი არხი ერად ბაზრის მხოლოდ 6,7%-ს ფლობს.

რამდენიმე მცირე, ადგილობრივი საკაბელო არხი რეგიონებშიც ფუნქციონირებს. შაინფორმაციო პროგრამებს ყველა მათგანი ამზადებს. ამ არხების შემოსავლის ძირითადი წყარო არა რეკლამა, არამედ ნეკროლოგები და სხვა სახის განცხადებებია. ზოგიერთ ქალაქსა და რაიონში მათ ნაწილობრივ ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებს.

საქართველოს სატელევიზიო არხების საბაზრო წილი:

გამოკითხულია 4 წელზე ზევით ასაკის ურბანული მოსახლეობა

2009 წლის პირველი ნახევარი

რუსთავი 2 (ეროვნული) 35,61%

იმედი (ეროვნული) 25,43%

1 არხი

(ეროვნული,საზოგადო) 8,25%

კავკასია 3,99%

საქართველო 3,44%

მზე (ეროვნული) 3,40%

მაესტრო 2,67%

ევრიკა 1,88%

აჭარა 1,87%

პირველი სტერეო 1,05%

Music Box 0,77%

სხვა ქართული არხები 1,42%

სხვა რუსული არხები 5,95%

სხვა უცხოური არხები 4,27%

მონაცემები მოგვაწოდა TV MR GE-მ.

ტელევიზიების მფლობელების გამჭვირვალობა

მაუწყებლობის შესახებ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, საქართველოში სამაუწყებლო ლიცენზიის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკური პირს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული. გამონაკლისს წარმოადგენს: ადმინისტარციული ერთეულები, საჯარო მოხელეები, თანამდებობის პირები და ის იურიდიული პირები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან და ადმინისტაციულ ერთეულებთან არიან კავშირში.

ამის მიუხედავად, თავად მარეგულირებელი კომისიის მიერ მოწოდებულ მაუწყებელთა სიაში ერთერთი ტელეარხი – `ახმეტა TV 1~ – მთლიანად ახმეტის მუნიციპალიტეტის მფლობელობაშია.

რამდენიმე სხვა რეგიონული ტელევიზიის თანამფლობელი ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირი ან მისი ოჯახის წევრია.

ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები საქართველოში ლიცენზიის მქონე ტელეარხები იურიდიული მისამართი ოფიციალური მფლობელები (სია შეკვეცილია)

ალანია, თბილისი, თათოშვილი მამუკა 100%

ტელეარხი 25, ბათუმი, სურმანიძე გიორგი 51%, მერკვილაძე მერაბ 25%, ვერსაძე მალხაზ 24%

ევრიკა, თბილისი, შპს “Denial Union” 51%, ჩხარტიშვილი ოთარ 20%, ინჯია ილია 15%, კვესელავა მარინა 14%

ტელეკომპანია I სტერეო, თბილისი, შპს. ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი 65%, ზილფიმიანი დავით 22%, კოპულეტი მარკო 10%, სევერინი ლუკა 3%

იმედი TV, თბილისი, Georgian Media Production Group 100%( RAAK ჯორჯია ჰოლდინგი 90%, ჯოზეფ ქეი 10%)

იმპერია, ახალციხე, ნიქაბაძე ლევან 100%

კავკასია, თბილისი, ჯანგირაშვილი ნინო 100%

მზე, თბილისი, Degson Limited 55%, ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი 45%

რუსთავი 2, თბილისი, Degson Limited 70%, ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი 30%

საქართველო, თბილისი, “Denial Union” 100%

სტუდია მაესტრო, თბილისი, ებრალიძე გიორგი 38%, ღლონტი მამუკა 38%, ჩიკვაიძე ლევან 19%

წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ინფორმაცია მოწოდებულია 2009 წლის 23 ოქტომბერს.

ცხრილში არ შედის აჭარის ტელევიზია, რომელიც აჭარის ადმინისტრაციის მფლობელობაშია, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის I და II არხები, რომლებზეც ლიცენზიის რეჟიმი არ ვრცელდება.

იურიდიულმა პირმა, რომელსაც სამაუწყებლო ლიცენზიის მიღება სურს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ყველა იმ მეწილეზე, რომელიც მისი აქციების 5%-ზე მეტს ფლობს. კომუნიკაციების კომისიის ვალდებულებებში არ შედის დაადგინოს, ვინ არიან სატელევიზიო სადგურების რეალური მფლობელები, ან გამოიკვლიოს ვინ დგანან იურიდიული პირების უკან. `ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე ნებისმიერი მედია საშუალების მფლობელი,~ – ამბობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი მაია მიქაშავიძე, – `შეიძლება, სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოებულობა მისაღებადაც მიიჩნიო, მაგრამ უნდა იცოდე, ვის სასარგებლოდაა ეს პოლიტიკა მიკერძოებული, ვინ განსაზღვრავს მას~.31

მართალია, საქართველოს კანონმდებლობით ლიცენზიის მიმღები პირი საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი უნდა იყოს, თუმცა, კანონმდებლობა არ კრძალავს მედია საშუალებების წილების უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიების მიერ ფლობას. ეროვნული არხების მფლობელებმა ეს ლიბერალური მიდგომა გამოიყენეს და ამჟამად საქართველოს ყველაზე გავლენიანი არხის – `რუსთავი 2~-ისა და `მზის~ ერთ-ერთი მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული32 ოფშორული კომპანია Degson Limited-ია.33 მეორე მისტიური ორგანიზაცია – Denial Union – ტელეკომპანია `საქართველოს~ (თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული არხის34) 100%-ს და ტელეკომპანია `ევრიკის~ 51%-ს ფლობს. ასევე ბუნდოვანია Rakeen-ის და მისი შვილობილი კომპანიის – Rakeen Georgia Holding-ის – სამართლებრივი სტრუქტურა, რომლის გარშემოც არსებობს ეჭვები, რომ მისი რეალური მფლობელები ქართველები არიან. Rakeen Georgia Holding ტელეკომპანია `იმედის~ 90%-ს ფლობს.35

საქართველოში ტელეკომპანიების ნამდვილი მფლობელების შენიღბვის კიდევ ერთი ცნობილი ხერხი ე.წ. `შუაკაცის~ შექმნაა. მაგალითისთვის, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ `იმედს~ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა, თუმცა, არხის ოფიციალური მეწილეები მისი მეგობარი გოგი ჯაოშვილი და Rupert Murdoch’s News Corp. იყვნენ.36

იმის გამო, რომ საკანონმდებლო რეგულირების ნაკლოვანების შედეგად წამყვანი ტელევიზიების მფლობელების რეალური ვინაობა უცნობია, ამ თემაზე საზოგადოებაში ბევრი მითქმა-მოთქმა და ეჭვია. სატელევიზიო არხებთან ხშირად აკავშირებენ მმართველი პარტიის სხვადასხვა წარმომადგენლებს, სხვადასხვა სამინისტროებს და ასევე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.

მედიაკონცენტრაცია: `რუსთავი 2~ და ქართული ინდუსტიული ჯგუფი

საქართველოს მაუწყებლობის კანონის მე-60 მუხლის თანახმად, `ფიზიკური თუ იურიდიული პირი შეიძლება დამოუკიდებლად ფლობდეს ან თანამფლობელობაში ჰქონდეს მხოლოდ ერთი სამაუწყებლო ლიცენზია ტელევიზიისთვის და ერთი რადიომაუწყებლობისთვის~.43 ეს მუხლი ხელს არ უშლის ფიზიკურ და იურუდიულ პირებს, სამაუწყებლო ლიცენზიების მქონე რამდენიმე კომპანიაში ერთდროულად ფლობდეს წილებს.44 საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს, მედია სივრცის რა საბაზრო წილი შეიძლება იყოს ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირის კონტროლქვეშ.

შესაბამისად, `საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი~ `რუსთავი 2-ის~ აქციების 30%-ს, `მზის~ 45%-ს და `პირველი სტერეოს~ 65%-ს ფლობს. პირველი ორი ტელეარხის შემთხვევაში აქციების მეტი წილის მფლობელი ოფშორული კომპანია Degson Limited -ია. `საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი~ დამატებით ფლობს `საქართველოს ბიზნეს-კონსალტინგს~, რომელიც ინგლისურ გაზეთს “Georgian Business Week” უშვებს და სააგენტო GBC.ge-ს. ამ კომპანიის დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი – მმართველი პარტიის წევრი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და საქართველოს უშიშროების საბჭოს თავჯდომარის და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ძმაა.45

`საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის~ შვილობილი კომპანია – Georgian Media Incorporated – ამჟამად `იმედის~ აქციების მფლობელიც არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი მედია ბაზრის ორ მესამედს ფლობს და აკონტროლებს.46

აშკარაა, რომ რეგულირების არსებული ნორმები მედიაკონცენტრაციას ხელს არ უშლის.

`იმედი~

`იმედის~ ტელევიზია და რადიო `იმედი~ `საქართველოს მედია ჰოლდინგში~ შემავალი კომპანიებია. ამ ჰოლდინგის დღევანდელი ხელმძღვანელი გიორგი არველაძე – პრეზიდენტ სააკაშვილის `დიდი ხნის მოკავშირე~,47 პარლამენტის ყოფილი წევრი, მმართველი პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსია.

ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევამდე `იმედს~ ხშირად აკრიტიკებდა. 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ, პოლიციის ძალის გამოყენებით, ეს არხი დაიხურა.48 მაუწყებლობა მან 2008 წლის მაისში აღადგინა, თუმცა – მხოლოდ ნაწილობრივ. საინფორმაციო გადაცემები იმავე წლის სექტემბერში განახლდა.

2008 წლის თებერვალში `იმედის~ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში, გულის შეტევით, მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შემდეგ მისმა ახლო მეგობარმა და ოფიციალურად `იმედის~ აქციების 51%-ის მფლობელმა (დანარჩენ 49%-ს Rupert Murdoch’s News Corp. ფლობდა)49, გოგი ჯაოშვილმა ეს წილი დათმო და `იმედზე~ კონტროლი იოსებ კაკიაშვილმა (ცნობილია, როგორც ჯოზეფ ქეი) მოიპოვა.50 მოგვიანებით ჯაოშვილმა თქვა, რომ `იმედის~ აქციების დათმობა მას ხელისუფლებამ აიძულა.

პოლიტიკიდან მედია მმართველობამდე

რამდენიმე წელია პოლიტიკასა და წამყვან ტელეარხებს შორის საქართველოში ე.წ. `ღია კარის~ პრინციპი მოქმედებს: 2009 წლის 17 მარტს `იმედის~ საინფომაციო სამსახურის უფროსად დანიშვნამდე ნანა ინწკირველი თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.61 საერთაშორისო ორგანიზაციამ `რეპორტიორები საზღვრებს გარეშე~ ეს დანიშვნა `სტრატეგიულ შეცდომად~ შეაფასა და დასძინა, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან `იმედის~ გაკონტროლების მცდელობის კიდევ ერთ დამადასტურებელ ფაქტად აღიქმებოდა62. 2009 წლის ივლისში ჟურნალისტი ირმა ნადირაშვილი, რომელმაც `რუსთავი 2~-ზე 14 წელი იმუშავა, 2007-2008 წლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებისა და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო63, მოგვიანებით კი `რუსთავი 2~-ის საინფორმაციო სამახურის უფროსად დაინიშნა.64 ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლოს საქართველოს მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მთავრობას მედიის თავისუფლების ჩახშობასა და ეროვნული მაუწყებლების დიტრექტორებად მისთვის მისაღები პირების დანიშვნაში ადანაშაულებდა65.

სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის პრობლემას ჟურნალისტების მნიშვნელოვანი ნაწილის პროფესიონალიზმის დაბალი დონეც ამძიმებს. ბევრი მათგანი, სამუშაოს შესანარჩუნებლად, ე.წ. თვითცენზურას მიმართავს. არასაკმარისი მომზადების გამო ახალგაზრდა ჟურნალისტებს აკლიათ იმის ცოდნა და თვითდაჯერება, რომ ხარისხიანი სიუჟეტები მოამზადონ.

`მხოლოდ უმაღლესი განათლების დასრულების შემდეგ იგებ პრაქტიკულად როგორ უნდა იმუშაო, როგორც ჟურნალისტმა,” – ამბობს `რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი დირექტორი თამარ რუხაძე, – `მაგრამ, როცა ქართულ ტელევიზიაში იწყებ მუშაობას, ერთადერთი, რასაც პროდიუსერი გეუბნება ის არის, თუ რა უნდა თქვა, რომელი ინტერვიუ გამოიყენო და რომელი – არა. შენ სწავლობ დავალების შესრულებას და არა რეალურ ჟურნალისტიკას~.66

პატარა არხები დიდი პრობლემების წინაშე

მიუხედავად იმისა, რომ მცირე ტელევიზიებს – `კავკასია~ და `მაესტროს~ – ბაზარზე გარკვეული ადგილი უკავიათ, მათთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს რეკლამის მოზიდვა. საქართველოს მედია ბაზრის რამდენიმე მკვლევარმა `საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან~ საუბარში აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ ეს არხები `ოპოზიციურად~ აღიქმება, ბიზნესმენები, ხელისუფლებასთან პრობლემების გაჩენის შიშით, მათთან რეკლამის მიტანას ერიდებიან. `მაესტროს~ წარმომადგენლის მამუკა ღლონტის თქმით, რამდენიმე კომპანიამ მიიღო გაფრთხილება, რომ `მაესტროზე~ გაშვებული რეკლამა ხელისუფლებასთან მათ ურთიერთობას ავნებდა, რის შემდეგაც მათ უკვე შეკვეთილი რეკლამები უკან გაიტანეს.71 მსგავსი ბრალდება აქვს `კავკასიის~ დირექტორსაც. მან განაცხადა, რომ საგადასახადო ინსპექცია შერჩევით ინტერესდება იმ კომპანიებით, რომლებსაც რეკლამა `კავკასიაზე~ მიაქვთ.72

2009 წლის ივლისში `მაესტრომ~ კომუნიკაციების კომისიიდან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე სატელიტით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, თუმცა, მას იმის ფინანსური რესურსი არა აქვს, რომ ყოველთვიური გადასახადი – 18,000 აშშ დოლარი – გადაიხადოს. Pრეზიდენტმა სააკაშვილმა 2009 წლის სექტემბერში გაეროს ასამბლეაზე გამოსვლისას `მაესტროს~ მაგალითი მოიტანა და თქვა, – `ჩვენ უკვე მივეცით ლიცენზიები ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტელეარხებს, რათა მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმაუწყებლონ~.73 მამუკა ღლონტის თქმით, იმ დროს, როცა პრეზიდენტი ნიუ-იორკში ამ სიტყვით გამოდიოდა, საქართველოში საკაბელო კომპანიებზე ხორციელდებოდა პოლიტიკური ზეწოლა, რათა მათ `მაესტროს~ გაშვებაზე უარი ეთქვათ. შედეგად, `მაესტროს~ სიგნალი ახმეტისა და რუსთავის საკაბელო არხებით ახლაც არ გადაიცემა.74

ამასობაში პრობლემები შეექმნა აჭარის 25-ე არხსაც. 2009 წლის 9 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ტელეარხს 277 547 ლარის საგადასახადო დავალიანება უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქონება აუქციონზე გაიყიდებოდა. არხის თანამფლობელმა მერაბ მერკვილაძემ სასამართლოს დადგენილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და განმარტა, რომ ვალის უმეტესი ნაწილი 2004 წლამდე, იმ პერიოდში დაგროვდა, როცა აჭარის ყოფილმა ხელმძღვანელმა ასლან აბაშიძემ არხი მის კანონიერ მფლობელებს უკანონოდ ჩამოართვა.75 მერკვილაძე არ უარყოფს, რომ მის კომპანიას საგადასახადო დავალიანება მართლაც აქვს, მაგრამ ის 70,000 ლარს არ აღემატებოდა. ეს თანხა 2006 – 2009 წლებში დაგროვდა.76

სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ ფინანსთა სამინისტრო ტელეარხის ვალების რესტრუქტურიზაციას დასთანხმდა.77

რეკომენდაციები

• აუცილებელია, რომ დაჩქარდეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების პროცესი და ის ფართო და ღია დისკუსიის ფონზე წარიმართოს. გაძლიერებული პირევლი არხი, ინფორმატიული და კრიტიკული სიუჟეტებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ყინულის დაძვრას და უფრო პლურალისტური სატელევიზიო სივრცის ჩამოყალიბებას. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენისგან. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა მისი წევრობის კანდიდატების შერჩევის ექსკლუზიური უფლების სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებისთვის მინიჭებაა. წევრების დამტკიცება საჯარო მოსმენების, მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესის და პარლამენტის ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით უნდა ხდებოდეს.

• მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების სისტემის შეცვლაც.

დღესდღეობით დაფინანსების რაოდენობას მთლიანად ხელისუფლება წყვეტს, რაც მაუწყებლის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის მიღების გადასახადის დაწესება. ეს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას, ასევე მისი დაფინანსების პროგნოზირებას და სამომავლო საქმიანობის უკეთესად, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვასაც შეუწყობს ხელს. უფრო მეტიც, თუ საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ გადაიხდიან საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ სპეციალურ გადასახადს, ისინი უკეთესად იგრძნობენ, რომ ამ არხის მფლობელები თავად არიან და მოითხოვენ, რომ არხი ანგარიშვალდებული, პირველ რიგში, მათ მიმართ იყოს.116

• საქართველოს მედიარეგულირების არსებული სისტემა მედიის მფლობელთა გამჭვირვალობას და კონკურენტუნარიან, პლურალისტურ სატელევიზიო ბაზარს ვერ უზრუნველყოფს. საჭიროა, განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ოფშორულ, გასაიდუმლოებულ კომპანიებს მედია საშუალებებში წილების ფლობა აეკრძალებათ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, იცოდეს ვინ არიან იმ იურიდიული პირების მეწილეები, რომლებიც მედია საშუალებების მფლობელები ან თანამფლობელები არიან.

• საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დეპოლიტიზაციისთვის აუცილებელია კომისიის წევრების დანიშვნის წესის შეცვლა და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა, რათა მან უფრო ეფექტიანად იმუშაობას და ამით, როგორც კომისიის, ასევე სატელევიზიო სივრცის მიმართ საზოგადოების ნდობა გაამყაროს.

ეს ანგარიში მომზადდა „ირლანდიური დახმარებისა“ და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პროექტის სახელწოდებაა „საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების მონიტორინგი“. ანგარიში მოამზადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“. ის არ გამოხატავს დონორი ორგანიზაციების ოფიციალურ პოზიციას.

About gliase

I Love Gliase
This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s