USA/Europa Review, Nov 8

ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიცირება დასრულდა

3 ნოემბერს, სამშაბათს, ცენტრალური ევროპის დროით 15 საათზე, ვაცლავ კლაუსმა ხელი მოაწერა ლისაბონის ხელშეკრულებას.  ამით დასრულდა მრავალნატანჯი ხელშეკრულების თითქმის ორწლიანი რატიფიცირების პროცესი. 1 დეკემბერს ის უკვე ძალაში შევა.

ხელშეკრულება ლისაბონში 2007 წლის დეკემბერში შეთანხმდა, თუმცა მისი ძალაში შესვლისთვის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მთავრობის მოწმობა ანუ რატიფიცირება იყო საჭირო.  ამ ორი წლის განმავლობაში ყველაზე გახმაურებული წინააღმდეგობა „ლისაბონს“ ირლანდიელებმა გაუწიეს, როდესაც ეროვნულ რეფერენდუმზე ხელშეკრულება „ჩააგდეს“. ხელმეორე რეფერენდუმი მიმდინარე წლის შემოდგომაზე წარმატებით დასრულდა, მეტწილად ინტერესთა ჯგუფების, ირლანდიის მთავრობისა და ისეთი ცნობილი ფიგურების პროპაგანდა-აგიტაციის შედეგად, როგორიც ლეხ ვალესაა. ირლანდიის რეფერენდუმის შემდეგ, დღის წესრიგში წამოიწია ლეხ კაჩინსკიმ. „ლისაბონმა“ ეს მეორე პოლონური განსაცდელიც წარმატებით გაიარა და დადგა ბოლო და ყველაზე საშიში „მტრის“ წინაშე, რომელიც ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსია. კლაუსი თავისი ევროსკეპტიკური შეხედულებებით არის ცნობილი, რაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა: „მე არ შემიძლია დავეთანხმო ხელშეკრულების შინაარსს. როდესაც ის ძალაში შევა, ჩეხეთის რესპუბლიკა აღარ იქნება სუვერენული სახელმწიფო“. სწორედ, ეროვნული მოტივები წარმოადგენს კლაუსის საქვეყნოდ განთქმული ერვოსკეპტიციზმის საფუძველს.

ლისაბონის ხელშეკრულების მიზანი დემოკრატიულობის ხარისხის ამაღლება და ევროკავშირის საერთაშორისო წონის გაზრდა არის, რასაც რამდენიმე ახალი ცვლილებით გეგმავენ ხელშეკრულების ავტორები. იგეგმება ევროპაროლამენტისთვის სხვადასხვა გზით უფლებებისა და კომპეტენციათა სფეროს გაზრდა, რაც გულისხმობს ევროკავშირის მოქალაქეების ირიბ ჩართულობას პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში (ევროპარლამენტი არის ერთადერთი მნიშვნელოვანი ორგანო ევროკავშირში, რომელიც ხალხის მიერ ირჩევა).

საერთაშორისო პოლიტიკაში ევროპის როლის გაზრდის მიზნით „ლისაბონმა“ შემოიღო ევროკავშირის პრეზიდენტის პოსტი. ამ თანამდებობაზე მომუშავე პირმა მსოფლიოს გავლენიან პოლიტიკოსებთან (ობამა, პუტინი, ჰუ ძინტაო) ევროკავშირის ინტერესები უნდა დაიცვას.  აქედან გამომდინარე აქტიურად საუბრობდნენ ტონი ბლერის კანდიდატურაზე, რომელსაც გავლენით ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი ვერ შეედრება. ამის მიუხედავად, მის კანდიდატურაზე საუბრები ბოლო პერიოდში შეწყდა, რას მეტწილად უახლოეს წარსულში ჯორჯ ბუშისა და ერაყული კამპანიისადმი მისმა მხარდაჭერამ განაპირობა.

ბოლო პერიოდში, რაც დისკუსიებმა პიკს მიაღწია, ტონი ბლერის მაგივრად სხვა ნაკლებად ცნობილი კანდიდატები გამოჩნდნენ, როგორიცაა ბელგიის პრემიერ-მინისტრი ჰერმან ვან რომპუი და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი იან ვან ბალკენენდე. პატარა ქვეყნის წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნა ანგელა მერკელის პოზიციას ეთახნმება. ნაკლები გავლენისა და წონის პოლიტიკოსის ამ პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება გერმანიისთვის, რომ პოლიტიკა თავისი ინტერესების შესაბამისად უკარნახოს, რაც ნაკლებად სავარაუდოა ატლანტიცისტი ტონი ბლერის გაპრეზიდენტების შემთხვევაში. აღნიშნული ორი ბენელუქსელილი კანდიდატის საწინააღმდეგოდ შეიძლება იმოქმედოს იმ პოლიტიკური გავლენის არ არსებობამ, რომელიც ნამდვილად დასჭირდება მომავალ ევროპრეზიდენტს მსოფლიოს ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს. აქედან გამომდინარე, ჟურნალი „ეკონომისტი“ ევროპელებს სთავაზობს ცნობილი და წონიანი პოლიტიკოსის დანიშვნას, როგორიცაა შვედი კარლ ბილდტი, ესპანელი ხოსე მარია აზნარი და ლატვიელი ვაირა ვიკე-ფრაიბერგა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პოსტის გარდა, კანდიდატურები განიხილება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე. ჯერჯერობით ორი გავლენიანი პოლიტიკოსის კანდიდატურა განიხილება: იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მასიმო დ’ალემა და ინგლისელი დევბიდ მილიბენდი.

მომზადებულია ECONOMIST-ის, New York Times-ისა და euobserver.com-ის წყაროების მიხედვით.

სარკოზი აკრიტიკებს ვიშეგრადს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გააკრიტიკა პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი იმის გამო, რომ ისინი ტრადიციულად ევროკავშირის ყოველი სამიტის წინ ერთმანეთს ხვდებიან და საერთო პოზიციას ათანახმებენ.  შეგახსენებთ, რომ ეს ოთხი ქვეყანა გაწევრიანებულები არიან ე.წ. ვიშეგრადის კლუბში. 1991 წელს ოთხი ქვეყნის ლიდერები უნგრეთის ქალაქ ვიშეგრადში ერთმანეთს შეხვდნენ და ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია, რომელსაც მოანცვლეობით ოთხიდან ერთი ქვეყანა მეთაურობს. ორგანიზაცია წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას უზრუნველყოფს და აქედან გამომდინარე, ასევე ტრადიციად ჩამოყალიბდა მათი შეხვედრები ევროკავშირის სამიტების წინ, რათა ერთმანეთთან შეათანხმონ პოზიციები.  ეს ტრადიცია წარმატებულ გამოცდილებად იქცა და ევროპის აღმოსავლეთ რეგიონში თანაშრომლობა განამტკიცა. ამასთან ერთად ამგვარი მოსამზადებელი რეგიონული შეხვედრები ევროპული სამიტების მოკლე დროში ეფექტურად წარმართვას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ეს ტრადიცია მხოლოდ ვიშეგრადის კლუბს არ ეკუთვნის და ამავე პოლიტიკის მიმდევარი არის ბენელუქსის რეგიონი.  რაც შეეხება სარკოზის, მას კონტრ-ბრალდება წაუყენეს ორმაგი სტანდარტების გამოყენებისთვის.  როგორც ცნობილია, თავად საფრანგეთი და მისი პრეზიდენტი მუდმივად ხვდება გერმანიის ფედერაციის ლიდერს ანგელა მერკელს ყოველი ევროპული სამიტის წინ.

სარკოზის მიერ გამოთქმული ბრალდებების მიზეზად პოლონეთის გაძლიერება სახელდება ევროპელი პოლიტოლოგების მიერ. როგორც ბოლოდროინდელი დინამიკა გვიჩვენებს, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო მყარ პოზიციებს იკავებენ ევროპული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში და ხშირად უპირისპირდებიან ევროკავშირის ტრადიციულ „ძრავს“ საფრანგეთისა და გერმანიის სახით.  პოზიციათა ამგვარი განაწილება კი ყველაზე ნაკლებად სწორედ ნიკოლა სარკოზისა და ანგელა მერკელს აწყობთ, რომლებიც ნელ-ნელა კარგავენ ავტორიტეტს და პოლიტიკურ გავლენას, რათა ერთპიროვნულად მართონ ევროკავშირის პოლიტიკა.

მომზადებულია euobserver.com-ის წყაროს მიხედვით


ობამა ინდიელებს შეხვდა

5 ნოემბერს ბარაკ ობამა 564 ამერიკელი ინდიელების ტომის ბელადს შეხვდა.  სწორედ ამდენი ტომი არის დარეგისტრირებული აშშ-ს მასშტაბით. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ობამას ადმინისტრაცია ინდიელების საკითხს მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს, კერძოდ დამოუკიდებელ ტომებს შორის ურთიერთობების გაუმჯოსების მიმართულებით.  აშშ-ს ფედერალურმა ადმინისტრაციამ 3 მილიარდი დოლარი გამოყო ინდიელების პროგრამებისთვის.

ყველაზე აქტუალურ პრობლემას ინდიელებისა და ინდიელების ტომების რეგისტრაცია წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ ტომები იღებენ ფედერალურ დახმარებას. დღეისათვის 4 მილიონზე მეტი რეგისტრირებული ამერიკელი ინდიელი ცხოვრობს აშშ-ში, მაგრამ უმეტესობა მათგანი არც ერთ ტომში არ არის გაწევრიანებული. ასევე  არ არსებობს არავითარი შეთანხმება ტომის ლიდერებს შორისაც კი იმის შესახებ, თუ რა არის ინდიელობისთვის აუცილებელი მოთხოვნები.

მომზადებულია New York Times-ის წყაროს მიხედვით

შვედეთმა და ფინეთმა „ნორდსტრიმი“ მოიწონეს

ენერგომომარაგების დივერსიფიცირება ევროკავშირის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა ბოლო წლებში.  2009 წლის იანვარში უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებამ და ევროპისთვის გაზის შეწყვეტამ განსაკუთრებით აქტუალური გახადა ეს პრობლემა.  შედეგად ამას მოყვა ალტერნატიული გაზსადენების საკითხების დღისწესრიგში მოხვედრა.  ამათგან სამი ყველაზე აქტუალურია “ნაბუკო”, “ჩრდილოეთის ნაკადი” და “სამხრეთის ნაკადი”.  ეს ორი უკანასკნელი რუსეთის ინიციატივას წარმოადგენს და “ნაბუკოს” პირდაპირ კონკურენტად ითვლება.

სამივე პროექტს თავისი შემაფერხებელი ბარიერები გააჩნია, რომლებმაც შესაძლებელია განსაკუთრებული როლი ითამაშონ გაზსადენების კონკურენციაში და გადაწყვიტონ ის, თუ რომელ გაზსადენს აირჩევს ევროპული მხარე.  “ჩრდილოეთის დინების” (“ნორდსტრიმი”) გაზსადენი რუსეთის ვიბორგს გერმანულ გრეიფსვალდთან დააკავშირებს ბალტიის ზღვის გავლით.  შესაბამისად გაზსადენმა ფინეთისა და შვედეთის სანაპირო წყლებში უნდა გაიაროს, რის გამოც, ეს ორი უკანასკნელი ქვეყანა მოსალოდნელი ეკოლოგიური ზიანის გამო აკრიტიკებდა და ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ ენერგოპროექტს.  თუმცა, 23-თვიანი შეფასების შემდეგ, 2009 წლის 5 ნოემბერს შვედეთმა განაცხადა, რომ პროექტი ბალტიის ზღვის გარემოს ზიანს არ მოუტანს.  იმავე დღეს, შვედეთის პოზიციას ფინეთის მთავრობაც დაეთანხმა.

სიტუაციის ამგვარი განვითარება “ნორდსტრიმის” განხორციელებასთან ერთი ნაბიჯით აახლოებს რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინა არასანდო პარტნიორია და იმისათვის, რომ ევროპას გაზი მიაწოდოს ალტერნატიული მარშრუტი სჭირდება.  ბევრისთვის გასაკვირად, ევროპელები ეთანხმებიან რუსეთის აღნიშნულ პოზიციას.  გამონაკლისი კი აღმოსავლეთ ევროპის ოთხი ქვეყანაა პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის სახით.  დღეისათვის ისინი გაზს პირდაპირ რუსეთიდან იღებენ.  “ნორდსტრიმის” ამოქმედება კი რუსეთს საშუალებას აძლევს გაზის საკითხით ისე ივაჭროს ამ ქვეყნებთან, რომ დანარჩენ ევროპას “ჩრდილოეთის დინებით” უწყვეტად მიაწოდოს გაზი.

ამასთან ერთად, ბალტიისპირელებს და განსაკუთრებით ესტონელებს უსაფრთხოების საკითხი სხვა მხრივაც აღელვებთ.  გაზსადენის მუშაობა თავისთავში გულისხმობს მის დაცვას იმ ქვეყნის სამხედროების მხრიდან, რომელ ქვეყანასაც პროექტი ეკუთვნის.  ესტონელები თვლიან, რომ გაზსადენი რუსეთს საშუალებას მისცემს თავიანთი სამხედრო ძალა ბალტიის ზღვის ისეთ ტერიტორიებზე გაავრცელოს, სადაც დღეს არ არიან და რაც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ესტონეთისთვის, რომლის საზღვართან ახლოს უნდა გაიაროს ჩრდილოეთის გაზსადენმა.

ამგვარი შიშის საფუძველს “ნორდსტრიმის” პროექტის ხელმძღვანელი პერსონალიც ამყარებს.  გაირკვა, რომ “ნორდსტრიმის” კონსორციუმის მმართველი დირექტორი მათიას ვარინგი აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო პოლიცია “სტასის” მედალოსანი ლეიტანანტი იყო 1970-იან და 80-იან წლებში.  ამავე პერიოდში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვალიდიმირ პუტინი კგბ-სთვის მუშაობდა აღმოსავლეთგერმანულ ქალაქ დრეზდენში.

მომზადებულია euobserver.com–ის წყაროს მიხედვით

About gliase

I Love Gliase
This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to USA/Europa Review, Nov 8

  1. sofo says:

    INFORMATIVVE ! :* thx🙂🙂

  2. levani says:

    lisabonis ratificireba dasrulda, gaumarjos damoukidebel sakartvelos!!!!!!! :))))

  3. levani says:

    კი ბატონო, “მივიღეთ” ეს მრავალგზის ნატანჯი ხელშეკრულება, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს? რაღაცა ღირს ამ კუთხით დაფიქრება, რა სასიკეთო თუ არც ისე სასიკეთო ცვლილებები შეიძლება მოიტანოს ამ დოკუმენტის იმპლემენტაციის დაწყებამ ჩვენი ქვეყნისთვის. ნუ, ეს ერთი საკითხია. მეორე თითონ ლისაბონის ხელშეკრულებას ეხება. ისე, ძალიან მაინტერესებს როგორ მოახერხებენ და შეუთავსებენ პრეზიდენტი ქვეყნის და ევროკავშირის პრეზიდენტის პოსტებს ერთმანეთს? გარედან ლამაზად ჩანს, რა თქმა უნდა, მაგრამ ევროპული საბჭოს ან მინისტრთა საბჭოს სხდომებს ხომ უნდა წაყვანა? თუ ამ სხდომებს (ევროპული საბჭოს ცალსახად) პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, დღის წესრიგსაც ის დაადგენს და ნუ დანარჩენ პრეზიდენტი ქვეყნის ფუნქციებსაც საკმაოდ მარტივად შეითავსებს, მაშინ რაღა საჭიროა პრეზიდენტი ქვეყნის პოსტი? არადა, ლისაბონი მას აშკარად არ აუქმებს! საინტერესო იქნება, პრეზიდენტობისას, ან ჰოლანდიის პრემიერმინისტრი, ან მითუმეტეს ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ერთის მხრივ, და ნიკოლა სარკოზი ან დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი (პრეზიდენტი ქვეყნის რანგში) მეორეს მხრივ, რამდენად “შეხმატკბილებულად” იმუშავებენ? მოკლედ, მოიმარჯვეთ მზესუმზირა და მოკალათდით სავარძელში კომფორტულად: ირლანდია და ჩეხეთი ჭიანჭველაა იმასთან შედარებით, რა ვაჭრობაც ეხლა დაიწყება:)

  4. levani says:

    სავაჭრო თემა – პრეზიდენტის პოსტი. მოახლოებულ რიგგარეშე ევროპულ საბჭოს სხდომაზე ვაჭრობა წავა ისეთი, დედა შვილს არ აიყვანს ხელში!!!! :)) გერმანიას, რა თქმა უნდა, აწყობს პატარა ქვეყნის წარმომადგენელი – ჰოლანდიის, ბელგიის ან ლატვიის პრემიერ-მინისტრ-ყოფილი პრეზიდენტიანად სუყველა – ადვილად მოახდენს გავლენას და იმიტომ. რომპუიც და ბალკენენდეც გერმანიისთვის სავარაუდოდ მისაღები იქნება. ბალკენენდემ ბარგის ჩალაგებაც კი დაიწყო და განაცხადა, დავტოვებ პრემიერ მინისტრიც პოსტს იმავე წამს, როდესაც ამირჩევენო. მაგრამ მისი და მისი ბელგიელი კოლეგის პრო-ევროპულობის გამო, ჩემი აზრით, გერმანიას მოუწევს სარკოზის კარგი “დამუშავება”. არც დიდი ბრიტანეთი იქნება აქ გამონაკლისი. მითუმეტეს, იქითა წელს არჩევნებია და დიდი შანსია რომ ხელისუფლებაში ანტი-ლისაბონული ხელისუფლება მოვიდეს. აი მაშინ კი კარგად დაიძაბება სიტუაცია. იტალია? ბერლუსკონის არც არავინ ეკითხება რამეს. ისიც ეყოს ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის რეზოლუციით “გაწკეპვლას” რომ ბეწვზე გადაურჩა (იტალიაში ადამიანის უფლებების დარღვევების გახშირების გამო მხოლოდ ორიოდ ევროპარლამენტარის ხმა დააკლდა რეზოლუციის გასვლას). სხვა სამხრეთის ქვეყნებს, პრინციპში უნდა აწყობდეთ პატარა ქვეყნის წარმომადგენელი, მითუმეტეს, პრო-ევროპული. 2013 წლამდე ესპანეთსაც და საბერძნეთსაც გარანტირებული აქვთ სუბსიდიები რეგიონებში და პრეზიდენტი ამას ვერ შეცვლის ვერანაირად, ასე რომ მთავარი საზრუნავი მოცილებულია:)) “ახალ წევრებში” ჯერ-ჯერობით არა ჩანან მოწინააღმდეგეები, მაგრამ შეიძლება ფრაიბერგას კანდიდატურაზე “გაჯიქდნენ”. აი ბლერი კი მემგონი მთლიანად მოიხსნა დღის წესრიგიდან. გერმანია და საფრანგეთი შანსი არ არის დათანხმდნენ მის კანდიდატურას, თუ საკმაოდ “მსხვილი მოგება” არ შესთავაზა დიდმა ბრიტანეთმა:) სკანდინავიელები კი აუცილებლად პრო-ევროპულ, ადამიანის უფლებების დამცველ კანდიდატურას დაუჭერენ მხარს. ბალკენენდე მათ ჩარჩოებში შეიძლება იოლად ჩაჯდეს. ვნახოთ, ვნახოთ:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s