ძალადობის დიპლომატია

ავტორები: მიხეილ ბასილაია, ანდრია მერაბიშვილი

თარიღი: იანვარი 2008

ნაშრომი წარმოადგენს თომას შელინგის (Thomas Schelling) სტატიის “ძალადობის დიპლომატია” (The Diplomacy of Violence) აღწერას.  აღნიშნული სტატია შესულია მის ნაშრომში “ძალა და გავლენა” (Arms and Influence).  თომას შელინგის სტატიის თემა არის ძალის გამოყენება, რომლის მიზანია მოწინააღმდეგისთვის ტკივილის მიყენება და მისი იძულება, რასაც ავტორი ძალადობის დიპლომატიას უწოდებს.
თომას შელინგი თავდაპირველად აყალიბებს დიპლომატიისა და ძალმომრეობის მიზნებსა და ვითარებებს, როდესაც ისინი შესაძლებელია, რომ განხორციელდეს.  ავტორი ყურადღებას ამახვილებს ისეთ ცნებაზე, როგორიც არის მოწინააღმდეგისთვის ტკივილის მიყენება ძალის მეშვეობით, რომელსაც, როგორც წესი, სარგებლის მიღების მიზანი აქვს.  ეს წარმოადგენს სინთეზს ძალისა და დიპლომატიისა ანუ ვითარება, როდესაც ერთი მხარე მეორესთან ძალის მეშვეობით აწარმოებს დიპლომატიას.  
თომას შელინგი ერთმანეთისგან მიჯნავს წმინდა სამხედრო ძალას, ე.წ. ტლანქ ძალმომრეობასა და მოწინააღმდეგეზე გავლენის მოსახდენად გამიზნულ მაიძულებელ ძალადობას.  ყველაზე მკაფიო განსხვავება ხსენებულ ცნებებს შორის არის ის, რომ ტლანქი ძალმომრეობა მოწინააღმდეგის დასუსტებასა და მისი ძლიერების შელახვას ემსახურება, სხვა სიტყვებით, ეს არის შეჯიბრი სამხედრო ძლიერებაში, ხოლო ტკივილის მიყენების მუქარა კი მეტოქის ზრახვებსა და ქცევაზე გავლენის მოპოვებასა და მათ გარდაქმნას ესწრაფვის.  ამის გარდა, ავტორი აღნიშნავს, რომ ტლანქი ძალმომრეობით მიიღწევა ის, რაც თანამშრომლობას არ საჭიროებს, ხოლო ტკივილის მიყენების პოლიტიკა მიზნად სწორედ ამ თანამშრომლობის იძულებას ისახავს.  განსხვავებების აღწერისას შელინგი ახსენებს ისეთ ურთიერთსაპირისპირო ცნებებს, როგორიცაა ძალის გამოყენება და ძალით დამუქრება, დაპყრობა და შანტაჟი, წმინდა სამხედრო ძალა და მაიძულებელი დიპლომატია.  ძალასა და იძულებას შორის არსებული განსხვავების უფრო ნათლად წარმოჩენისათვის ავტორს მაგალითად მოჰყავს ჩინგიზ ხანის ორი განსხვავებული საომარი სტრატეგია, რომლებსაც ყაენი წარმატებით იყენებდა ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში: მოღვაწეობის დასაწყისში ის სრულად ანადგურებდა დამარცხებულ მეტოქეს საფრთხის შემცირების მიზნით, რაც ტლანქი ძალმომრეობის მაგალითია.  შემდგომში კი, მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის შემოტევის შესაკავებლად ის თავისი ჯარის პირველ რიგებში ტყვე ქალებსა და ბავშვებს აყენებდა, რაც იძულების კარგ მაგალითს წარმოადგენს.
თომას შელინგი აღწერს იმ ვითარებას და გარემოებებს, რომლის არსებობის შემთხვევაში ხდება შესაძლებელი მაიძულებელი ძალადობის განხორციელება.  პირველ რიგში, საჭიროა ცოდნა იმისა თუ რა არის მოწინააღმდეგისათვის ღირებული და რისი ეშინია მას.  მაიძულებელი მხარე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოწინააღმდეგეს მოთხოვნის შესრულება ნაკლები უღირს ვიდრე ტკივილის საკუთარ თავზე გამოცდა.  ამასთან, მეტოქემაც უნდა იცოდეს თუ რას ითხოვენ მისგან და მისი რომელი ქმედება გამოიწვევს ძალადობის განხორციელებას.  მუქარა ეფექტურია მანამ, სანამ ის განხორციელდება.  როდესაც მაიძულებელი მხარე მიმართავს ძალადობას, მან მეტი ტკივილის მიყენების უნარი თადარიგში უნდა დაიტოვოს, რათა მეტოქეს ჰქონდეს შიში უარესი ძალადობის განხორციელებისა.  აუცილებელია, რომ მეტოქე გრძნობდეს, რომ მისგან არჩევანის გაკეთებას ელიან და მოვლენების შემდგომი განვითარება ანუ ტკივილის მიყენება/არმიყენების საკითხი მთლიანად მასზეა დამოკიდებული.  ამისთვის, მას გარანტიაც უნდა ჰქონდეს, რომ თუ ისე მოიქცევა, როგორც მისგან ითხოვენ, ძალადობა არ განხორციელდება.
ძალის გამოყენებასა და ძალადობით იძულებას შორის აღწერისას შელინგი აღნიშნავს, რომ ერთი და იგივე ქმედება სხვადასხვა დონეზე შეიძლება ძალმომრეობაც იყოს და ტკივილის მიყენებაც, რის მაგალითადაც მას 1940 წლის ლონდონის დაბომბვა მოჰყავს.  მოსახლეობისთვის ეს აგრესია ნამდვილი ძალმომრეობა იყო, ხოლო ჩერჩილის მთავრობისთვის იძულებად და დაშინებად უფრო აღიქმებოდა.
ამის გარდა, ერთი და იგივე ქმედება სხვადასხვანაირად აღიქმება იმის მიხედვით თუ რა მიზანს ემსახურება ის.  ავტორი აღნიშნავს, რომ მე-19 საუკუნეში ამერიკელების მიერ ინდიელების გაჟლეტვა ძალმომრეობის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თუ ამ ქმედების მიზანი ინდიელების მიწების ხელში ჩაგდება იყო და ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება მათი მოსპობა;  ხოლო თუ ინდიელებს იმისთვის კლავდნენ, რომ სხვა ტომები დაეშინებინათ, მაშინ ეს ქმედება მაიძულებელ ძალადობად აღიქმება.
თომას შელინგი მიიჩნევს, რომ ტკივილის მიყენების უნარი არის “თანამედროვე ეპოქის ყველაზე შთამბეჭდავი სამხედრო შესაძლებლობათა დამახასიათებელი ელემენტი.”  ხშირად, სამხედრო ძალის პირდაპირი გამოყენება გზას უხსნის ამ უნარის განხორციელებას, რომლის საბოლოო მიზანიც მეტოქეზე გავლენის მოხდენა და სარგებლის მიღებაა.  მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის განსხვავება სამხედრო ძლიერებაში აშკარაა და ისიც ნათელია, თუ ვინ გაიმარჯვებს ომის შემთხვევაში, მაშინ შესაძლებელია სამხედრო სტადიის გამოტოვება და პირდაპირ მაიძულებელ დიპლომატიაზე, ვაჭრობაზე გადასვლა.
ავტორი ზიანის სტარტეგიულ დანიშნულებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ტკივილის მიყენების მუქარა ან განხორციელება არა მხოლოდ ომში გამარჯვების შემდეგ სარგებლის მისაღებად გამოიყენება, არამედ ეს ტაქტიკა ომის წარმოების ხერხიც არის.  ამ სტრატეგიით ცდილობენ, რომ მოწინააღმდეგისათვის ომი გაუსაძლისი და აუტანელი გახადონ, რათა მეტოქემ აღიაროს დამარცხება და დანებდეს.  1945 წელს იაპონიაში ჩამოგდებული ორი ატომური ბომბი ტერორსა და შიშს ისახავდა მიზნად, რასაც საბოლოოდ იაპონიის კაპიტულაცია უნდა მოჰყოლოდა.  ტკივილის მიყენების ამგვარი ტაქტიკა ამ უნარს სამხედრო სტრატეგიის ნაწილად აქცევს.
ბირთვული იარაღის გაჩენამ არსებული სიტუაცია შეცვალა.  ატომურ ბომბს აქვს შესაძლებლობა, რომ ათიათასობით ადამიანი წამების განმავლობაში მოსპოს, რაც შესაძლებელს ხდის წინასწარი სამხედრო გამარჯვების მოპოვების გარეშე მეტოქის წინააღმდეგ შემზარავი ძალადობით დამუქრებას.  ამგვარი გარემოება ჩრდილავს ომის წმინდა სამხედრო მხარეს, რაც საუკუნეების მანძილზე უმთავრეს ცნებად განიხილებოდა.
ბირთვული იარაღის საფრთხე თავის თავში არა მარტო სამხედრო ძალების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ერის უდიდესი ნაწილის განადგურებასაც მოიცავს.  ეს საკითხი აქტუალურია ყველა სახელმწიფოსათვის, რადგან თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო დარტყმის დიდი რისკი არსებობს.  შელინგს ამ პრობლემის გადაჭრის მცდელობის მაგალითად მოჰყავს 60-იანი წლების აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაკნამარას მიერ შემოთავაზებული ომის ახლებური ხედვა, რომლის მიხედვით მთავარი საომარი ამოცანა მტრის სამხედრო ძალების განადგურება უნდა იყოს და არა ქალაქებისა და მათი მშვიდობიანი მოსახლეობის.  ის მეომარ მხარეებს სთავაზობს ძალადობის თადარიგში შენახვას იმ პირობით, რომ მეტოქეც ამგვარად მოიქცევა.
ომის ხსენებული მოდელი ხასიათდება ძალადობისაგან ხელოვნურად თავის შეკავებით.  ამგვარი ე.წ. “შეზღუდული ომის” მაგალითად ბირთვული ძალადობის ეპოქაში თომას შელინგს კორეის ომი ესახება.  ავტორის თქმით, კორეის ომი იყო “შეჯიბრი სამხედრო ძლიერებაში, რომლის არსსაც სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ უპრეცედენტო ძალადობის განხორციელების მუქარა განსაზღვრავდა”.  მოყვანილი მაგალითებისა და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე, თომას შელინგი ასკვნის, რომ სწორედ ტკივლის მიყენების უნარი და ძალადობის საფრთხე განსაზღვრავს ყველაზე მნიშვნელოვნად არა მხოლოდ სამხედრო ურთიერთობებს, არამედ მთლიანად თანამედროვე საერთაშორისო დიპლომატიასა და პოლიტიკას.

About gliase

I Love Gliase
This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s