საზოგადოებრივი მაუწყებლობა მსოფლიოში

ავტორი:  მიხეილ  ბასილაია
დაწერის  თარიღი:  2008  წლის  ნოემბერი

თანამედროვე დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციას. ვინც ფლობს ინფორმაციას ან ფლობს მისი გავრცელების საშუალებებს, ფლობს ძალიან დიდ გავლენას.
ინფორმაცია თავისთავად მოიცავს კომუნიკაციას, რადგანაც ინფორმაციის გავლენა არა თავისთავად ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებას, სიმცდარეს ან სხვა რაიმე კრიტერიუმს ემყარება, არამედ მის გავრცელებადობას.
დღესდღეობით ინფორმაციის გადაცემის საშუალებები უსწრაფესი ტემპებით ვითარდება. ინტერნეტი ამის ნათელი დადასტურებაა, თუმცა თავად ინტერნეტიც განვითარების ფაზაშია და შეიძლება ითქვას, მომავალი წინ აქვს. თითქოს ამ სიტუაციაში ტელევიზიისა და რადიოს როლი უნდა მცირდებოდეს, შეიძლება ეს ასეცაა, თუმცა ტელემაუწყებლობის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაინც საკმაოდ დიდია.

რატომ კეთდება საზოგადოებრივი მაუწყებლობა? ამის შესახებ ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს, ამასთანავე ეს მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ნეომარქსისტული მიდგომის მომხრეებისათვის, ის საზოგადოებაზე ურთიერთქმედების ბერკეტია, ლიბერალებისათვის პლურალიზმის სხვადასხვა სოციალური ასპექტების წარმოჩენის გზა.
საზოგადოებრივი მაუწყებლობა მხოლოდ ტელემაუწყებლობას არ ნიშნავს. ის მოიცავს რადიომაუწყებლობასაც, რომელიც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას და დღემდე აქტუალურია განვითარებულ ქვეყნებშიც კი.
საზოგადოებრივი მაუწყებლობა აგრეთვე არ უნდა გავაიგივოთ მთავრობის მიერ დაფინანსებულ მაუწყებლობასთან. ბევრ ქვეყანაში მთავრობა საეთოდ არ აფინანსებს მაუწყებლობას, ბევრგან თავად მოქალაქეები იხდიან ფულს ტელე– ან რადიოარხის არსებობისთვის. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბევრია მცირებიუჯეტიანი, ლოკალური ხასიათისა და შედარებით მცირერიცხოვან აუდიტორიაზე გათვლილი ტელე– და რადიოარხები. ასეთი მაუწყებლობა შეიძლება ჰქონდეთ უნივერსიტეტებს, სპორტულ კლუბებს (ბევრ საფეხბურთო კლუბს აქვს საკუთარი ტელევიზია, მაგალითად „მანჩესტერ იუნაიტედს“ MUTV, რომელიც ფინანსდება ნაწილობრივ კლუბის, ნაწილობრივ კი გულშემატკივრების მიერ მისი მაუწყებლობის შეძენაში გადახდილი თანხით), რელიგიურ ჯგუფებს და ა.შ.
საზოგადოებრივი მაუწყებლობის მიზანი, ეფექტურობა და ფუნქციონირება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
მსოფლიოს ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა მედია სისტემები. “მედია სისტემა” მოიცავს შემდეგ კრიტერიუმებს:
• მედია ბაზრის განვითარების დონე;
• პოლიტიკური პარალელიზმი ანუ ურთიერთდამოკიდებულება მედიასა და პოლიტიკურ ძალებს შორის
• ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის, განვითარების დონე
• მედიის საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევის დონე.

ამ კრიტერიუმების მიხედვით, აგრეთვე ცალკეული ქვეყნების ისტორიული განვითარებისა და საზოგადოების პოლიტიკური კულტურის მიხედვით შეგვიძლია გამოვყოთ 3 მედია სისტემა:
1. პოპულარული პლურალიზმის მოდელი (იტალია)
2. დემოკრატიულ-კორპორატივისტული მოდელი (საფრანგეთი, გერმანია)
3. ლიბერალური მოდელი (დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები)
მედია სისტემა სწორედ ერთ-ერთი ფაქტორია, თავად მედია სისტემა კი მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა განათლება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონე, პოლიტიკური სიტუაცია, ეკონომიკური მდგომარეობა და ა.შ.

სწორედ ეს მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მიზნებსა და ხარისხს.
საზოგადოებრივი მაუწყებლობა (ინგლისურად Public Broadcasting) გულისხმობს საზოგადოების ან მისი ნაწილის უფრო აქტიურ და ქმედით ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს არის ყველაზე ზოგადი განმარტება საზოგადოებრივი მაუწყებლობისა, თუმცა არის მრავალი ისეთი კრიტერიუმი, რომელსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ის. ეს კრიტერიუმები შეიძლება იყოს:
• * დაფარვის ზონა – ეს გულისხმობს, იმას თუ რამდენადაა ხელმისაწვდომი მაუწყებლობა ქვეყნის მოსახლეობისათვის. შესაძლოა კონკრეტული მაუწყებლობა არ იყოს გნკუთვნილი ქვეყნის მთელი მოსახლეობისათვის, არამედ ორიენტირებული იყოს კონკრეტულად რომელიმე რეგიონის, პროფესიის, საზოგადოების რომელიმე ფენის წარმომადგენლებზე.
• ყველანაირი ინტერესისა და გემოვნების დაკმაყოფილება – ეს კრიტერიუმი უფრო გამოგვადგება ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორებიცაა საქართველო. (იგულისხმება, შედარებით ღარიბი ქვეყნები ან ისეთი ქვეყნები, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ფენებს არ აქვთ საშუალება თავად “შეუკვეთონ” ანუ დააფინანსონ მაუწყებლობის შინაარსი, რაც თავად სურთ და დამოკიდებულნი არიან სახელმწიფოზე)
• ითვლება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა ემსახურება ეროვნული იდენტობის გაძლიერებას. ეს იმითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლების უმრავლესობა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში მაუწყებლობს (გამონაკლისია BBC)
• საზოგადოებრივი მაუწყებლობა დამოუკიდებელი უნდა იყოს. “დამოუკიდებლობა” კი პირველ რიგში გულისხმობს დამოუკიდებლობას მთავრობისგან, თუმცა ასეთი დამოუკიდებლობის მიღწევა მაშინ, როდესაც მაუწყებლობას მთავრობა აფინანსებს, პრაქტიკულად შეუძლებელია
• მნიშვნელოვანი საკითხია, უნდა იყოს თუ რა საზოგადოებრივი მაუწყებლობა კომერციული. თუ გადავხედავთ მსოფლიოს ქვეყნების სხვადასხვა მაუწყებლობებს, ვნახავთ, რომ უმრავლესობა არაკომერციულია იშვიათი გამონაკლისის გარდა (კანადური CBC და ახალ ზელანდიური BCNZ, რომელბიც ძირითადად რეკლამებით საზრდოობენ).
• ცხადია უნდა იყოს ხარისხიანი. თუმცა ხარისხს, ამ შემთხვევაში მრავალნაირი მნიშვნელობა შეიძლება მივცეთ. ხარისხი შეიძლება შევაფასოთ პროგრამების პოპულარობის მიხედვით, შეიძლება შევაფასოთ გადაღების, ჟურნალისტის პროფესიონალიზმის მიხედვით, ან იმის მიხედვით, თუ რამდენად აინტერესებს კონკრეტული პროგრამა სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს.

საზოგადოებრივ მაუწყებლობას სხვადასხვა ფუნქცია ენიჭება სხვადასხვა მედია სისტემაში.
პოლარული პლურალიზმის მოდელში საზოგადოებრივი მაუწყებლობა მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც ის დომინანტურ როლს თამაშობს მედია ბაზარზე. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ იტალია. იტალიის ეროვნული სამაუწყებლო კომპანია არის RAI (Radiotelevisione Italiana). მას გააჩნია 3 არხი: RAI Uno, RAI Due, RAI Tre. აგრეთვე მას გააჩნია სატელიტური მაუწყებლობის საშუალებები.
RAI-ს იტალიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი უყურებს, მისი წილი ბაზარზე 54%-ია, რითაც ის ლიდერობს ევროპული ქვეყნების საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის.
აგრეთვე RAI ითვლება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ტელევიზიად, რომელზეც დიდი გავლენა აქვს მთავრობას.  RAI -ს ყურება შესაძლებელია საქართველოშიც საკაბელო მომსახურების პაკეტის შეძენის შემთხვევაში.

გერმანიაში სხვანაირი სიტუაციაა. ნაცისტები აქტიურად იყენებდნენ რადიო მაუწყებლობას (იმ დროისთვის ტელემაუწყებლობა სუსტად იყო განვითარებული) აქტიური პროპაგანდისთვის. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შეიქმნა დეცენტრალიზებული, დამოუკიდებელი მაუწყებლები, რომლებიც გერმანიის სხვადასხვა მიწებში მაუწყებლობენ. ისინი ფინანსდებიან სალიცენზიო გადასახადებიდან ან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების, ასოციაციების მიერ. ტელემაუწყებლობას კი განაგებენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. გერმანიაში საზოგადოებრივი მაუწყებლობა მთლიანად მედია მაუწყებლობაზე დახარჯული 10 მილიარდი ევროდან დაახლოებით 60%-ს ხარჯავს.

ძალიან საინტერესო სიტუაციაა ჰოლანდიაში, სადაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჯგუფები ან ასოციაციები ყიდულობენ საეთერო დროს და უშვებენ იმ პროგრამებს, რომლებიც თავად სურთ.

ყველაზე ცნობილი საზოგადოებრივი მაუწყებლობა კი ბრიტანული BBC არის (British Broadcasting Corporation; თუმცა ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ის საზოგადოებრივი მაუწყებელია და ეგონოს კერძო, კომერციული მაუწყებლობა, ისევე როგორც ამერიკული CNN). BBC-ს აქვს მრავალი არხი, რომელიც ფინანსდება მთავრობისგან და ეს არხები ძირითადად უმცირესობების ინტერესებს ემსახურებიან.
BBC-ს აქვს კარგად გნვითარებული ONLINE მაუწყებლობა, ანუ მისი ყურება შეიძლება ინტერნეტითაც. BBC არის ძალიან მნიშვნელოვანი, გავლენიანი და ავტორიტეტული ინფორმაციის მომწოდებელი, რომლის მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში ან ობიექტურობაში, მიუხედავად მთავრობის დაფინანსებისა, ეჭვი პრაქტიკულად არავის ეპარება.

ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის კანადის მაგალითი. კანადა არის ორენოვანი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ენებია ინგლისური და ფრანგული და კანადას ჰყავს ფრანგულენოვანი უმცირესობა კვებეკის შტატში. კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლობა CBC (Canadian Broadcasting Corporation) ფუნქციონირებს ორივე ენაზე. ეს დამატებით თანხებს საჭიროებს, სწორედ ამიტომ CBC-ს არხებზე შეზღუდული არ არის კომერციული რეკლამების რაოდენობა.
კანადაში არსებობს კომერციული ტელეკომპანიები, რომლებიც უშვებენ რამდენიმე საზოგადოებრივ პროგრამას (ანუ იმ პროგრამებს, რომელთაც საზოგადოება “უკვეთავს”) (ასეთი ტელეკომპანიის მაგალითია Access ალბერტას პროვინციაში).

ძალიან საინტერესო სიტუაციაა სამხრეთ ამერიკაში, სადაც ბევრი ავტორიტარული რეჟიმია და საზოგადოებრივი მაუწყებლობა გამოიყენება პოლიტიკურ იარაღად, მითუმეტეს, რომ სამხრეთ ამერიკის ბევრი რეგიონი ჩამორჩენილია და ბევრ ქვეყანაში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლობა წარმოადგენს ინფორმაციის უმთავრეს და შესაძლოა ერთადერთ წყაროსაც.
სამხრეთ ამერიკულმა ქვეყნებმა არგენტინამ, ბოლივიამ, ეკვადორმა, პარაგვაიმ და ვენესუალემა, აგრეთვე ნიკარაგუამ და კუბამ 2005 წელს ჩამოაყალიბეს ერთობლივი ტელეკომპანია TELESUR (La Nueva Televisora del Sur, რაც ესპანურიდან ითარგმნება როგორც “სამხრეთის ახალი ტელევიზია”). ამ ტელევიზიის ყველა დიდი მეწილე ვენესუელაა – 51%. შექმნის იდეა კი ეკუთვნის ვენესუელის პრეზიდენტს უგო ჩავესს. ფაქტია, რომ ზემოთ ჩემოთვლილი ქვეყნებიდან უმრავლესობაში ავტორიტარული მმართველობაა და ტელევიზიის ფუნქციაც სწორედ ამ ავტორიტარული მმართველობის განმტკიცება გახლავთ. ამის დადასტურებად შეგვიძლია მოვიყვანოთ მიმდინარე პალესტინა–ისრაელის ომი. TELESUR–მა ცალსახად დაგმო ისრაელი და მხარი დაუჭირა პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ პოზიციას.

ყველაზე საინტერესო კი იაპონური და ამერიკული საზოგადოებრივი მაუწყებლობის მაგალითებია.
იაპონური საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელწოდებაა NHK. ის აწყობილია BBC-ს მოდელზე, ფინანსდება მოსახლეობის მიერ, მკაცრად კონტროლდება, რომ იყოს აპოლიტიკური, ხოლო კომერციული რეკლამები საერთოდ არ გადის NHK-ს არხებზე.
NHK დიდი წვლილი მიუძღვის ტექნოლოგიების დანერგვაში. იგი იყო პირველი ტელევიზია მსოფლიოში, რომელმაც დანერგა მაღალი გარჩევადობის ტელეხედვის (High Definition Television) ტექნოლოგია 1964 წელს. იაპონიის ტექნოლოგიური მიღწევები თავდაპირველად სწორედ ამ კორპორაციაში ინერგება, შესაძლოა ის საცდელი კურდღლის როლშიც გამოდიოდეს, თუმცა ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და გაუმჯობესების საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი მაუწყებლობის მნიშვნელობა გამოხატულია სპეციალურ კანონში, რომელსაც ეწოდება “საზოგადოებრივი მაუწყებლობის აქტი” (Public Broadcasting Act) და რომელიც მიიღეს 1967 წელს.
ამერიკაში ამ აქტმა განაპირობა სპეციალური ინსტიტუტების, მათ შორის PBC-ს (Public Broadcasting Service) ჩამოყალიბება. ეს ინსტიტუტები ფლობენ სხვადასხვა ტელევიზიებსა და რადიოარხებს, რომლებიც მაუწყებლობენ შტატის მასშტაბით და სადაც მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ადგილობრივი ინტერესები და მიზნები.
სხვადასხვა შტატში სხვადასხვაგვარადაა განსაზღვრული დაფინანსების, კომერციული რეკლამების საკითხი. ზოგ არხზე წარმოდგენილია კომერციული რეკლამები შეზღუდული რაოდენობით, ზოგ არხზე გადის უბრალო სლოგანები ან მადლობები რომელიმე სპონსორის მიმართ, თუმცა ეს ფრაზები არ უნდა შეიცავდნენ “მოქმედებისკენ მოწოდებას” (calls to action), ანუ არ უნდა იყოს რეკლამა პირდაპირი მნიშვნელობით.
ამერიკული საზოგადოებრივი არხები ნერგავენ უამრავ ახალ პროგრამას, რომელთაგან უამრავი გახდა პოპულარული არა მარტო დროის მცირე მონაკვეთში, არამედ თაობების მანძილზე. ასეთი გადაცემის მაგალითია Sesame Street, აგრეთვე All Things Considered, რომელიც ამერიკაში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ გამოჩნდა და ათწლეულების მანძილზე ინარჩუნებდა პოპულარობას.
ეს არხები ნერგავენ და ქმნიან ისეთ პროგრამებს, რომელთაც კომერციული კომპანია არასოდეს გაუშვებდა ეთერში დიდი რისკის გამო. ამერიკული საზოგადოებრივი სამაუწყებლო არხები გამოირჩევიან ინოვაციურობით, მათ დიდი წვლილი შეაქვთ ტელევიზიის, მედია ბაზრის განვითარებაში და მათ მიერ დანერგილ და განვითარებულ პროგრამებს მზა სახით იღებენ კომერციული ტელეკომპანიები.

როგორც თემის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე საუბრის დროს ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი: მედია სისტემა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონე, პოლიტიკური კულტურის დონე და სხვ.
ნათელია, რომ პოლარიზებული პლურალიზმის მოდელის ქვეყნებში (იტალია), ასევე ავტორიტარულ ქვეყნებში (ვენესუელა, არგენტინა; ტელევიზია TELESUR) საზოგადოებრივი მაუწყებლობა ემსახურება პოლიტიკას, იგი შეიძლება ითქვას პოლიტიკური ბრძოლის არენაა და ნაკლებად ასახავს საზოგადოების რეალურ ინტერესებს, ნაკლებად (ვიდრე ეს შესაძლებელია) ემსახურება საგანმანათლებლო ან კულტურის პოპულარიზაციის მიზნებს, განვითარებულ ქვეყნებში კი (ლიბერალური მედია სისტემების ქვეყნებში; აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია) იგი განვითარებისა და პროგრესის მნიშვნელოვანი ატრიბუტია.
შესაძლოა ამ მაგალითებიდან ჩანდეს, რომ რომელიმე საზოგადოებრივი მაუწყებლობის მოდელი ეფექტურია, თუმცა მის ეფექტურობას ზემოთხსენებული ფაქტორები განსაზღვრავს.
რომელიმე მოდელის კოპირება არც თუ ისე კარგი ნაბიჯია, რაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მაგალითზე დადასტურდა, რომლის რეფორმირებაც რამდენჯერმე მოხდა, თუმცა იდეალურისგან ჯერ ისევ შორსაა.
გასათვალისწინებელია ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა, ქვეყნის პრობლემები, საზოგადოების საჭიროებები, მისი პოლიტიკური (და არა მარტო) განათლების დონე და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ისეთი მაუწყებლობის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას.

ბიბლიოგრაფია:
1. ჯონ კინი – „საზოგადოებრივი მაუწყებლობა“. წიგნიდან „მედია და დემოკრატია“
2. „მასმედია და მასობრივი კომუნიკაცია: ცნებები, განსაზღვრებები, მიმართებები“; სალექციო კურსი „მედია და პოლიტიკა“
3. „მასმედიის სისტემები: მედიის სამი სისტემა და დისკურსული ეთიკის სამი ტიპი“ (წიგნიდან: „სამოქალაქო საზოგადოება: შედარებითი ანალიზი“); მარინა მუსხელიშვილი; თბილისი 2006

ინტერნეტ–რესურსები:
http://www.answers.com
http://www.houseofdavid.ca/media.htm
http://www.thoughtcast.org/casts/jay-allison/
http://www.telesurtv.net/

This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports and tagged , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s