აფრიკული საფრთხე ევროკავშირისათვის

ავტორი: მიხეილ ბასილაია
დაწერის თარიღი: 2008 წლის ნოემბერი

აფრიკა დედამიწის სიდიდითა და მოსახლეობის მიხედვით მეორე კონტიტინენტია. დაახლოებით 31 მილიონი კვადრატული კოლომეტრით ის დედამიწის ხმელეთის 20%–ს იკავებს და ევროპაზე სამჯერ დიდია. აფრიკაში მოსახლეობამ უკვე გადააჭარბა ერთ მილიარდს და სწრაფი ტემპებით იზრდება.
აფრიკა არის სასარგებლო წიაღისეულებით ყველაზე მდიდარი რეგიონი. ოქრო, ალმასი, სპილენძი, რკინა, ბოქსიტები აფრიკის ერთ–ერთი უმთავრესი სიმდიდრეა. აფრიკის კონტინენტი არც ნავთობითაა ღარიბი – ნიგერია, ლიბია და ალჟირი ნავთობის მოპოვების მიხედვით მსოფლიოს ქვეყნების პირველ ოცეულში შედიან.
აფრიკის კონტიტენტს მრავალფეროვანი და ტრაგიკული ისტორია აქვს, რომელიც დაკავშირებულია ევროპელებთან.
აფრიკის კონტიტენტი გამოირჩევა პოლიტიკური მრავალფეროვნებით – აქ შეხვდებით არშემდგარ სახელმწიფოებს (სომალი; კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), შედარებით განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს (ეგვიპტე; სამხრეთ აფრიკა), ქვეყნებს ყველაზე სისხლიანი და სასტიკი ეთნოკონფლიქტებითა (სუდანი; რუანდა) და ლიბერალურ დემოკრატიებს (ან შესაძლოა უფრო სწორი იყოს „ქვეყნებს ლიბერალური დემოკრატიის ბევრი ნიშნით“ – სწორედ ასეთია განა).
დღევანდელ მსოფლიოში აფრიკის თემა მწვავედ დგას და კიდევ უფრო მწვავე გახდება მომავალში რამდენიმე მიზეზის გამო. უამრავი აფრიკელი ჩადის ევროპის ქვეყნებში თავშესაფრისა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების საძიებლად. რა პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას კარგად შესაძლებელია დავინახოთ საფრანგეთის მაგალითზე, სადაც ცხოვრობს უმარავი ემიგრანტი, რომელიც დროთა განმავლობაში „გაფრანგდნენ“, თუმცა მათი უმრავლესობა უკმაყოფილოა იმ სტატუსით, რაც ფრანგულ საზოგადოებაში აქვთ. თუნდაც გავიხსენოთ სამიოდე თვის წინ გამართული ამხანაგური მატჩი საფრანგეთისა და ტუნისის ნაკრებებს შორის (მატჩი გაიმართა 2008 წლის 14 ოქტომბერს. საფრანგეთის ნაკრებმა პარიზში „სტად დე ფრანსზე“ მოიგო 3–1), მატჩის წინ კი გაფრანგებულმა აფრიკელმა ემიგრანტებმა „მარსელიეზას“ უსტვინეს, რამაც შეძრა საფრანგეთის მთავრობა. საფრანგეთის მთავრობა ამუშავდა და ახლაც ფიქრობს ემიგრანტების პრობლემის მოგვარების ბევრ გეგმას, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მამა კი ასევე ემიგრანტია (უნგრეთიდან).
მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი მსოფლიო ეკონომიკაში არის იაფი მუშახელი, რომლის პრობლემაც ჯერჯერობით მწვავედ არ უდგათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს (სავარაუდოდ ჩინეთს საკმარისზე მეტი ხნის მანძილზე არც ექნება), თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში უამრავი ამერიკელი კარგავს სამსახურს იმის გამო, რომ მექსიკელ და კუბელ ემიგრანტებს შეუძლიათ სამჯერ ნაკლებ ხელფასზე იმუშაონ.
აფრიკა ყოველთვის იყო იაფი რესურსებისა და უმნიშვნელოვანესი რესურსების წყარო, ხოლო მომავალში უნდა გახდეს იაფი მუშახელის წყაროც. იაფი მუშახელის პრობლემა სავარაუდოდ უმნიშვნელოვანესი იქნება ჰეგემონ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩელენჯერებს, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობაში.

აგრეთვე აფრიკა თავისი მილიარდიანი მოსახლეობით პოტენციური უდიდესი ბაზარია, რომლის ათვისებაც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება ზემოთხსენებული უძლიერესი ქვეყნებისათვის, მაგრამ აფრიკა უღარიბესი კონტინენტია, რის გამოც ამერიკულ და ევროპულ ძვირადღირებულ პროდუქციას ვერ აითვისებს, სამაგიეროდ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში უკვე სრული სვლით მუშაობს ჩინური ფაბრიკები და მშვენივრად საღდება ჩინური იაფი პროდუქცია.
ასეთი ქვეყნის ყველაზე მშვენიერი მაგალითია სიერა ლეონე, რომელსაც ჩინეთის ეკონომიკურ კოლონიასაც უწოდებენ .
ჩინეთისა და სიერა ლეონეს ურთიერთობა იწყება 1971 წლიდან. მას შემდეგ უამრავი მაღალი დონის სახელმწიფო წარმომადგენელი ესტუმრა ჩინეთიდან სიერა ლეონას და პირიქით.
ჩინეთი უამრავი პროექტის ამოქმედებაში დაეხმარა ერთ–ერთ უღარიბეს აფრიკულ ქვეყანას. მაგალითად, სოფლის მეურნეობის დარგში ბრინჯის მოყვანისა და შაქრის წარმოების ტექნოლოგიები დაინერგა, ჩინეთი ეხმარება სიერა ლეონეს ელექტრომატარებლების განვითარებაში და ჩინელების დახმარებით აშენდა ჰიდროელექტროსადგურები, აგრეთვე გზები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა, სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრითაუნში ეროვნული საფეხბურთო სტადიონიც კი ჩინელების დახმარებით აშენდა .
ჩინეთსა და სიერა ლეონეს შორის უამრავი ხელშეკრულება გაფორმდა, აქტიური თანამშრომლობა კი 1985 წლიდან იწყება, როდესაც ჩინური კომპანიები სოფლის მეურნეობის სფეროში დაფუძნდნენ სიერა ლეონეში .
ჩინეთი სიერა ლეონეს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. სიერა ლეონე ყველაზე მეტ იმპორტს სწორედ ჩინეთიდან ახორციელებს .
მიუხედავად ამისა სიერა ლეონეში ძალიან დაძაბული სიტუაციაა. ეს ქვეყანა უკვე რამდენიმე ათეული წელია საომარ მდგომარეობაშია. დიქტატორები ენაცვლებიან ერთმანეთს, ხალხი იღუპება და ქვეყანა შეიძლება არშემდგარ სახელმწიფოდაც ჩავთვალოთ (თუმცა ბოლო წლებში სიტუაცია შედრებით დალაგდა), თუმცა არასტაბილური სიტუაცია და ომები შეიძლება სასარგებლოც კი გამოდგეს ჩინეთისათვის.

ზემოთ ვახსენეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა უზარმაზარი და უმდიდრესი ტერიტორიით, აგრეთვე 50 მილიონიანი მოსახლეობით. ეს ქვეყანა არშემდგარი სახელმწიფოს მშვენიერ მაგალითს წარმოდგენს. არეულობები ამ ქვეყანაში 1965 წლიდან დაიწყო, როდესაც სამხედრო გადატრიალების შედეგად დიქტატორი გახდა მობუტუ სესე სეკო (Mobutu Sese Seko Nkuku Ngbendu wa Za Banga) . რუანდის ცნობილი ტომების, ჰუტუსა და ტუტსის კონფლიქტი კი მეზობელ კონგოშიც გადადინდა 90–იან წლებში, დღევანდელი მდგომარეობით კი კონგოს ოფიციალური მთავრობა ქვეყნის მესამედს ვერ აკონტროლებს.
კონგოში კიდევ ერთხელ მჟღავნდება გაეროს უუნარობა. გაეროს ეგიდით აქ 18 000 სამხედრო იმყოფება და წლიურად იხარჯება მილიარდ დოლარზე მეტი, თუმცა გაეროს ისტორიაში უდიდესი მისია მხოლოდ ჰუმანიტარული მოქმედებებით ამოიწურება.
18 000–იანი კონტიგენტიდან რამდენიმე ბატალიონით წარმოდგენილია ჩინეთი. ყველა დანარჩენი სამხედრო მოსამსახურის ფაქტიური მოვალეობა „უსაქმურობაა“, ჩინელები კი გამუდმებით მუშაობენ – ისინი აგებენ გზებს, ხიდებს, კიდევ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურას, ადგილობრივ მოსახლეობას აღმოუჩინეს „საერთაშორისო დახმარება სამართლიანი საზოგადობის ჩამოყალიბებისათვის“ . სიერა ლეონეში ჩინეთმა ბრინჯით დაიწყო.

როგორც მიხვდით, ევროკავშირისთვის მთავარი საფრთხე მდგომარეობს აფრიკის, როგორც ეკონომიკური დასაყრდენის გასაღების ბაზრისა და უფრო მეტად კი იაფი მუშახელის თვალსაზრისით, დაკარგვა. არავინ იცის რა შედეგს გამოიწვევს ეს ყველაფერი 20 ან 30 წლის შემდეგ. . .
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთი უმთავრესი გამოხატულება მათი „სამეზობლო პოლიტიკაა“ (European Neighbourhood Policy), რომელიც პირველ რიგში აფრიკის ჩრდილოეთის ქვეყნებს მოიცავს, თუმცა ამ კონტიტენტის სხვა რეგიონებშიც აქტიურად მუშაობენ.
მაგალითისთვის განა იმიტომ შეირჩა, რომ ის წარმოადგენს ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოს კონტიტენტზე. 2008 წლის დეკემბერში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, სადაც მოქმედი პრეზიდენტი სულ 3%–ით დამარცხდა და ჩამოშორდა ხელისუფლებას . განა თავისი პოლიტიკური წყობითა და პოლიტიკური იდეოლოგიით ყველაზე ახლოს დგას ევროკავშირთან აფრიკული სახელმწიფოებიდან.
რადგანაც განა წარმოადგენს დემოკრატიულ სახელმწიფოს ლოგიკურად ევროკავშირი მაქსიმალურად უნდა ეხმარებოდეს ამ ქვეყანას, მითუმეტეს, რომ მიუხედავად პოლიტიკური განვითარებისა, განა ეკონომიკურად ჩამორჩენილია და 25 მილიონიანი მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობს.
ევროკავშირს არა მარტო თვითონ აქვს კავშირი განასთან, არამედ ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოებს ევროკავშირის გარდა აქვთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები განასთან.
ევროკავშირისა და განას (და სხვა ზოგიერთი აფრიკული, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების) ურთიერთობებს აწესრიგებს კოტონოუს შეთანხმება (Cotonou Agreement) .
განა წლიურად იღებს რამდენიმე ასეულ დახმარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან. 1995 წლიდან 1998 მაისის ჩათვლით, 30 თვიან პერიოდში განაში დაიხარჯა დაახლოებით 730 მილიონი ამერიკული დოლარი. ეს თანხა თავისთავად განსაკუთრებული არ არის, მაგრამ საინტერესოა, რომ თანხის დიდი ნაწილი არა დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას, არამედ ეკონომიკას, ინფრასტრუქტურის განვითარებას ხმარდება.
ზემოთხსენებული კოტონოუს შეთანხმების მთავარ თეზისს წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარება და მხარდაჭერა.
ევროკავშირის დახმარების მთავარ ინსტრუმენტს განასთან მიმართებაში წარმოადგენს „ევროპის განვითარების ფონდი“ (European Development Fund). განაში 2002 წლიდან მოყოლებული დღემდე რამდენიმე ასეული მილიონი ევრო დაიხარჯა. სხვადასხვა კონვენციებსა და შეთანხმებებში გამოცხადაა, რომ ეს თანხები უნდა მოხმარებოდა და მოხმარდა კიდეც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პრობლემათა მოგვარებას, რეალურად კი მთავარი სამი საკითხი, რომელთა დაფინანსებაც ამ თანხებით მოხდა იყო: სოფლის მეურნეობის განვითარებას, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარება და მაკროეკონომიკური მხარდაჭერა. მართალია, ეკონომიკა პოლიტიკასთან და დემოკრტიასთან კავშირშია, თუმცა ინფრასტრუქტურის განვითარებას ადამიანის უფლებათა დაცვასთან ნაკლებად აქვს საერთო.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყნებს აქვთ კავშირი განასთან და ეხმარებიან მას. ამ ქვეყნებიდან გამოსარჩევია დანია, გერმანია, ჰოლანდია და დიდი ბრიტანეთი, რომელთა სახელმწიფოებრივ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს განაში მოღვაწეობის ორმოცწლიანი გამოცდილება აქვთ.
დანიის მთავარი სააგენტო დახმარების ასპექტში არის „დანიდა“ (Danida). დახმარების თანხები იხარჯება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განვითარებასა და მხარდაჭერაზე, ადამიანის უფლებებისა და სამოქალქო საზოგადოების განმტკიცებაზე და სხავდასხვა ინსტიტუტების განვითარებაზე, რომელიც ხელს უწყობს განათლებისა და მეცნიერების განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ დემოკრატიულ პროცესებში პრაქტიკულად ყველგან ძირითადი აქცენტი გაკეთებულია დეცენტრალიზაციაზე. დეცენტრალიზაცია განას შემთხვევაში კი გულისხმობს სხვადასხვა რეგიონების (განას აქვს გარკვეული პრობლემები ქვეყნის ჩრდილოეთით; ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობის მხრივ კი იყოფა 110 რაიონად – District) თვითმმართველობების გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობის უფრო ფართოდ ჩართვას მმართველობით პროცესში.
უფრო სერიოზული გავლენა განაში აქვთ გერმანელებს. გერმანული დახმარებების დიდი ნაწილი განაში შედის გერმანული ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამიდან German Technical Cooperation programme – GTZ). ამ დახმარების მთავარ მიზნად გამოცხადებულია დემოკრატიის განვითარებაში, აქცენტი კი ისევ და ისევ დეცენტრალიზაციაზეა გაკეთებული. თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ გერმანელებმა ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს გზების კონსტრუქციასა და გამართვაზე და სოფლის მეურნეობის წყალმომარაგებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია პროექტია „ვოლტასა და აღმოსავლეთ რეგიონის წყლით მომარაგების უზრუნველყოფის პროექტი“ (Volta and Eastern Region Water Supply Assistance Project – E/VORAP).
აღსანიშნავია, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება (როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ) განაში დეცენტრალიზაციას ეკონომიკური თვალსაზრისით: რეგიონების განვითარება, მწარმოებლურობის ამაღლება რეგიონებისა და რაიონების დონეზე , სიღარიბის შემცირება რეგიონებში და ა.შ.
განაში მოღვაწე სხადასხვა გერმანული ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია შემდეგი სამი: ფრიდრიხ ებერტის ფონდი (Friedrich Ebert Stiftung), კონრად ადენაუერის ფონდი (Konrad Adenauer Stiftung) და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (Friedrich Naumann Stiftung). ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან არიან კავშირში .
მიუხედავად იმისა, რომ სამივე ფონდმა დიდი წვლილი შეიტანა განას დემოკრატიულ განვითარებაში, სამივე მათგანის საქმიანობაში მნიშვნელოვან წილს ეკონომიკის განვითარება იკავებს.
ფრიდრიხ ებერტის ფონდი სავაჭრო კავშირებთან ურთიერთობს, კონრად ადენაუერის ფონდი ცდილობს განავითაროს კერძო სექტორი, ხოლო ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი კი ზრუნავს კერძ სექტორის როლის გაზრდაზე ქვეყნის განვითარებაში.
განაში არსებობს ადგილობრივი Association of Ghana Industries (AGI; განას ინდუსტრიის ასოციაცია), რომელიც ცდილობს მიაღწიოს შედარებით პროტექციონისტულ პოლიტიკას მთავრობის მხრიდან. ნაუმანის ფონდის მტკიცებით კი ეს ასოციაცია „მტრულად არის დამოკიდებული თავისუფალ ვაჭრობასა და ბაზართან. . .“ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც აღნიშნულმა ადგილობრივმა ასოციაციამ წამოიწყო (წარმატებული) კამპანია „იყიდე ადგილობრივი“, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გასაღების გაზრდას და ზოგადად რეკლამას.
ჰოლანდია განას ეხმარება აგეთვე ეკონომიკის განვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ „ეფექტური მმართველობა“ (good governance) უნდა ყოფილიყო ამოსავალი წერტილი. ამას ადასტურებს ევროკავშირის მიერ მიღებული ე.წ. „საერთო პოზიცია“, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ 1998 წლის 25 მაისს.
დიდი ბრიტანეთი განაში მოღვაწეობს Department for International Development–ის (DfID; წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის დახმარების სააგენტოს) მეშვეობით აღსანიშნავია, რომ განაში არ არის ე.წ. დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ; ინგლისურად Value Added Tax – VAT). დიდი ბრიტანეთი იყო დღგ–ს შემოტანის იდეის მომხრე, თუმცა განაში საპროტესტო აქციების შედეგად საბოლოოდ უშედეგოდ დამთავრდა ეს მცდელობა, რაც შემდგომში განას დემოკრატიის გამარჯვებად შეფასდა.

საბოლოოდ შეიძლება რამდენიმე დასკვნის გამოტანა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების მიერ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა არის მთავარი მიზანი, ფაქტია, რომ დახმარებების უდიდესი ნაწილი მიდის ეკონომიკაში.
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პირველ რიგში, „დემოკრატია“ და „ადამიანთა უფლებები“ ყოველთვის იწვევს ასოციაციას რაღაც კარგთან და ამაღლებულთან. ზოგადად ამერიკულ–ევროპული იდეოლოგიების მთავარი მიზანი ხომ სწორედ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაა (როგორც გამოხატულია კიდეც როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებში). შეიძლება ითქვას „დემოკრატიაზე ზრუნვა და მხარდაჭერა“ არ გულისხმობს რაიმე განსაკუთრებულს (ანუ ზოგადია) და რაც მთავარია, კარგად „იყიდება“ ხალხისა და ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში (ფაქტია, რომ დაიხარჯა რამდენიმე ასეული მილიონი ევრო „დემოკრატიის მხარდასაჭერად“, ზუსტად რა პროექტები განხორციელდა, როგორც წესი, საქმეში ჩაუხედავი მოსახლეობა ვერ იგებს).
მეორეს მხრივ, განას პოლიტიკური წარმატებები უფრო თვალშისაცემია (ხოლო ეკონომიკურად ჩამორჩენილია) და სწორედ ამიტომ როგორც ევროკავშირის, ისე სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან მათთვისვეა უკეთესი სწორედ ამაზე გაკეთდეს აქცენტი.
სხვადასხვა დახმარებებით ევროკავშირი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს არ გაუშვას კონტროლიდან უმნიშვნელოვანესი რეგიონები. ევროპა ჩრდილოეთ აფრიკასთან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის წყალობით უფრო დაახლოებულია, თუმცა აფრიკის დანარჩენი რეგიონებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების, მიგრაციის პრობლემების, ამ ქვეყნებში მოქმედი სხვადასხვა ევროპული კომერციული კომპანიებისა და იაფი მუშახელის დიდი რაოდენობის გამო.
სიერა ლეონეს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და განას მაგალითები გვაჩვენებს, თუ როგორც ცდილობს ჩინეთი თავისი გავლენის განვრცობას. სიერა ლეონე ეკონომიკურად ჩამორჩენილი შედარებით პატარა ქვეყანაა, თუმცა შესაძლოა ეს მხოლოდ დასაწყისია. ევროკავშირი კი ცდილობს თავისი გავლენის გაძლიერებას და კონტინენტის „შენარჩუნებას“, აფრიკის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც ზემოთხსენებული მიზეზების გამო შესაძლოა რამდენიმე ათწლეულში გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგეს ევროკავშირისა და ჩინეთის ეკონომიკურ დაპირისპირებაში.

ბიბლიოგრაფია:
1. The European Union and Democracy Promotion in Africa: The Case of Ghana – Dr. Gordon Crawford (http://www.polis.leeds.ac.uk/assets/files/research/working-papers/wp10crawford.pdf )
2. ГИННЕС Большая Книга Знании ISBN: 5-17-005998-1
3. Русский Newsweek 25 ივნისი – 1 ივლისი, 2007; #26 (151)
4. WolrdSoccer ( http://www.worldsoccer.com ) ქართული გამოცემა
2008 წლის დეკემბრის ნომერი, #9
5. http://www.bbc.co.uk
http://www.bbc.co.uk/worldservice/indepth/ghana2008.shtml
http://news.bbc.co.uk/2/hi/africa/country_profiles/1023355.stm
http://news.bbc.co.uk/2/hi/africa/country_profiles/1023444.stm
http://news.bbc.co.uk/2/hi/africa/country_profiles/1061561.stm
6. http://www.europa.eu
http://ec.europa.eu/development/geographical/cotonouintro_en.cfm?CFID=1042508&CFTOKEN=14620819&jsessionid=243090f3dbd16c7d3074
http://ec.europa.eu/development/geographical/regionscountries/countries/country_profile.cfm?cid=gh&type=short&lng=en
7. CIA Factbook
https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/sl.html
https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/gh.html
8. http://www.china.orc.cn
http://www.china.org.cn/english/features/focac/183425.htm
http://www.china.org.cn/2008-01/19/content_1240019.htm

სხვა ვებ–რესურსები:
http://www.fmprc.gov.cn/eng/wjb/zzjg/fzs/gjlb/3084/t16573.htm
http://www.state.gov/r/pa/ei/bgn/5475.htm
http://www.bilaterals.org/article.php3?id_article=6425
http://www.answers.com

This entry was posted in ესსეები, სტატიები & რეპორტაჟები / Essays, Articles & Reports and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s