რატომ არ განხორციელდა დროული ჰუმანიტარული ინტერვენცია რუანდის გენოციდის დროს
ავტორი: ინგა კუბეცია, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
ნაშრომის დაწერის თარიღი: 2008 წლის ივნისი
ანოტაცია
“ჰუმანიტარული ინტერვენცია” გულისხმობს ადამიანის უფლებათა უხეში და მასობრივი დარღვევების ჩამდენი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სამხედრო, ეკონომიკური და სხვა სახის ძალის გამოყენებას. ინტერვენციისაგან განსხვავებით, რომელიც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია, როგორც ჩაურევლობის პრინციპის დარღვევა, ჰუმანიტარული ინტერვენცია მართლზომიერ აქტად ითვლება, რადგან არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, ჩაიდინოს თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლით აკრძალული დანაშაული – გენოციდი, აპართეიდი, ეთნიკური წმენდა და სხვ. ჰუმანიტარულ ინტერვენციას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სახე, მაგალითად, ნატოს მოქმედება იუგოსლავიის პროვინცია კოსოვოში 1999 წელს, გაეროს მიერ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქცევა ეკონომიკურ, სავაჭრო და პოლიტიკურ ბლოკადაში 1970-1990-იან წლებში და სხვ.
ტერმინი “ჰუმანიტარული ინტერვენცია” (ან ჰუმანიტარული ჩარევა) უცხოა საერთაშორისო სამართლისათვის, მაგრამ გაეროს ქარტიის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ჩარევას კრძალავს, შეიცავს ფრაზას, რომელიც `მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ საფრთხის შექმნის შემთხვევაში~ უშიშროების საბჭოს მთელ რიგ უფლება-მოვალეობებს აკისრებს, მათ შორის, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების ვალდებულებაც მოიაზრება. 1990-იან წლებში, აღნიშნული ფრაზის მრავალგვარი ინტერპრეტაცია გაჩნდა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების საბაბით ჩარევის არაერთი ფაქტი მოხდა. ჩარევის თითქმის ყოველი ფაქტი უშიშროების საბჭოს თანხმობით ხდებოდა.


